Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ქვეყანა … ტრიალებსო“ - აკრძალული წიგნები 


თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში 25-მდე „მოუთვინიერებელი წიგნი“ გამოფინეს. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროს აკრძალული იყო. რეჟიმის მოწინააღმდეგე, „რასისტული“ და „გარყვნილი“ ტექსტები, რომლებსაც ებრძოდნენ, დღეს მსოფლიო შედევრებადაა აღიარებული.

„უზომო ჯაფისა და ცუდი კვების შედეგად თორმეტი მეზღვაური მოგვიკვდა; გადარჩენილებიც მეტად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ნოემბრის 5-ს, რაც დედამიწის იმ ნაწილში ზაფხულის დასაწყისია, მეტად ნისლიანი დარი იდგა, უცებ მეზღვაურებმა ნახევარი კაბელიტოვის მანძილზე მეჩეჩი შენიშნეს, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი პირდაპირ მეჩეჩისკენ გააქანა და ზედ შეალეწა“...

ამ აბზაცის შემდეგ იწყება ცნობილი ამბავი მეზღვაურისა, რომელიც ხმელეთზე გამოირიყა და ძალიან პატარა ადამიანების ქვეყანაში მოხვდა. შეიძლება ახლა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თავის დროზე „გულივერის მოგზაურობა“ აკრძალულ წიგნებს შორის იყო. გულივერთან ერთად აკრძალულებს შორის მოხვდა ტომ სოიერის მაწანწალა მეგობარი ჰეკიც, ანუ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. აკრძალეს შეყვარებული მექსიკელი გოგონა, რომელიც სადილს ვარდის ფურცლებისგან ამზადებდა. ეს არცთუ შორ წარსულში მოხდა, ლაურა ესკიველის „როგორც წყალია შოკოლადისთვის“, ამერიკის ერთ-ერთი შტატის უმაღლეს სასწავლებელში მშობლის ინიციატივით აიკრძალა - მას მიაჩნდა, რომ წიგნში სექსუალური აღგზნება მეტისმეტად ნატურალურად იყო აღწერილი.

„გულივერის მოგზაურობა“ ერთ დროს აკრძალულ წიგნებს შორის იყო.
„გულივერის მოგზაურობა“ ერთ დროს აკრძალულ წიგნებს შორის იყო.

აკრძალული არ იყო, მაგრამ ტაბუ ედო ევრიპიდეს თხზულებებს. ძველი ბერძნები მას არათუ სახალხო ავტორად არ თვლიდნენ, იმდენად არ უყვარდათ, რომ ის იძულებული გახდა, ათენიდან მაკედონიაში გადახვეწილიყო.

აკრძალული იყო ორუელის წიგნები, ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, ლიოსას „ქალაქი და ძაღლები“, ვენედიქტ ეროფეევის „მოსკოვი-პეტუშკი“, გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“, ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“... პასტერნაკს ამ რომანისთვის ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა მწერალი აიძულა, ჯილდოზე უარი ეთქვა.

ბორის პასტერნაკი, 1940 წელი
ბორის პასტერნაკი, 1940 წელი

წიგნებს ტოტალიტარული და ავტორიტარულ რეჟიმები „აპატიმრებენ“, თუმცა არცთუ იშვიათად წიგნები დემოკრატიულ სისტემებშიც იკრძალებოდა ნატურალისტური სცენების ან რასისტული პასაჟების გამო. ხშირად ტაბუ ეხებოდა არა მხოლოდ ამა თუ იმ ტექსტს, არამედ მთლიანად ავტორს. მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკის ჩანაწერები, რომელიც შემთხვევით გადარჩა განადგურებას, მხოლოდ 2005 წელს გამოსცეს.

„როდესაც ჩეკისტები ჯავახიშვილის სახლში გასაჩხრეკად მივიდნენ, მწერლის ქალიშვილმა უთხრა, აქ რაღაცები რომ დევს, მოგაშორებთ, ხელს გიშლითო. ასე გადარჩა ეს უბის წიგნაკები. ეს არის მისი შემოქმედებითი ლაბორატორია, როგორ წერს, რეალური ტიპებისგან რა მასალას იღებს, როგორ აგროვებს ამბებს. ანტისაბჭოთა ჩანაწერებია, რომელიც საბჭოთა ყოველდღიურობას აღწერს. ძალიან ძვირფასი წიგნია, ვისაც ეს ეპოქა აინტერესებს“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი.

აქ არის ფრაზები, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი თავისთვის ინიშნავდა, შესაბამისად, წიგნი სავსეა შეულამაზებელი, გულწრფელი და სკაბრეზული ჩანაწერებით, მაგ: ქმარი ზოგჯერ საპატიო სახელია ვირის“; „ამ ქვეყნად ყოველივე სქესია. ჩვენმა გლეხმა უხეშად და სწორედ თქვა: „ეს ქვეყანა ... ტრიალებსო“; „X ისეთი ღარიბი იყო, რომ წინ მარტი უჩანდა და უკან აპრილი“; „ნუ შეაცდენ ნურავის: ნურც მეგობარს, ქალს, ხალხს ან ვინმეს. ღიას ნუ დასტოვებ კარებს, სალაროს, ნუ გააღიზიანებ მეგობრის ცოლს და სხ. ვინაიდგან პატიოსანიც შესცდება ან შეიძლება შესცდეს, თუ ქალს ძუძუები დაუნახა, ან ღია სალაროს წააწყდა (განვითარდეს)“... ანუ აქ მწერალმა ჩაინიშნა, რომ ეს სიუჟეტი მომავალში უნდა განევითარებინა.

„რამდენიმე წიგნია ჩვენს სერიაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს კუპიურების სახით, ანუ გაფილტრული გამოიცემოდა, ამოღებული იყო მთელი რიგი ფრაგმენტები, რომელიც რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ რეჟიმს ხომ მეურვეობის ფუნქცია ჰქონდა აღებული, მათ ხომ „უკეთესად“ იცოდნენ, ხალხმა რა უნდა წაიკითხოს და რა - არა. ასე გამოიცა მაგალითად „დეიდა ხულია“, ეროტიკული ფრაგმენტები ამოყარეს. აკრძალვის ზოგი მიზეზი ძალიან სასაცილო იყო, თორემ „ჩაკლული სული“ რომ აიკრძალებოდა საბჭოთა კავშირში, ამას რად უნდა ლაპარაკი, პირველი ანტიბოლშევიკური წიგნია“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

საბჭოთა კავშირის დროს არა მხოლოდ წიგნებს კრძალავდნენ, არამედ უბრალოდ არ თარგმნიდნენ იმ ლიტერატურას, რომელიც რეჟიმისთვის მიუღებელი იყო. თარგმანმცოდნეობის დოქტორი ანი კოპალიანი იხსენებს, რომ როდესაც ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“ აშშ-ის საელჩოში სათარგმნად წარადგინეს, საელჩოში ძალიან გაუკვირდათ, რომ მსოფლიო კლასიკის ეს ნიმუში, რომელიც 1850 წელს გამოვიდა, საქართველოში თარგმნილი არ იყო.

„მაგალითად, მაია ანჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ არკანზასში, მის მშობლიურ შტატში იყო აკრძალული. დღემდე სკოლაში ძალადობის სცენებს ჭრიან და ისე ასწავლიან. ასევე წიგნი „გამოღვიძება“... ეს არის ქალზე, რომელმაც ქმარი მიატოვა, საყვარლები გაიჩინა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. ამ წიგნს მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ავტორი უკვე ცნობილი და რესპექტაბელური პიროვნება იყო, 6 შვილის დედა. გაზეთები წალეკა ავტორის ლანძღვამ, ასეთმა პატივსაცემმა მწერალმა ასეთი ტექსტი როგორ შემოგვთავაზაო. ბევრ ბიბლიოთეკაში აიკრძალა ეს წიგნი“, - ამბობს ანი კოპალიანი.

„მოუთვინიერებელი წიგნების“ გამოფენა თბილისში 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამომცემლობები „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ ამ გამოფენით ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის ღონისძიებას „აკრძალული წიგნების“ კვირეულს ეხმაურებიან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG