Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გაშალა კახეთში „თვალუწვდენელი სუფრა“ და დაირღვა თუ არა დადგენილი წესები


ყვარელი, სოფელი ახალსოფელი, „ჯავახიშვილების მარანი".
ყვარელი, სოფელი ახალსოფელი, „ჯავახიშვილების მარანი".

14 სექტემბერს „ფეისბუკში“ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თვალუწვდენელი სუფრა და მის გარშემო მყოფი ათეულობით ადამიანი.

აღწერის მიხედვით, სუფრა გაშლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე „ჯავახიშვილების მარანში“, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „გრატა“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა და ცდილობდა გაერკვია, როგორ ჩაატარა კომპანიამ „ღონისძიება“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ქვეყანაში 2020 წლის 10 სექტემბრიდან იზღუდება 10 ადამიანზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვა.

ჩვენ დავუკავშირდით ახალსოფელში მდებარე „ჯავახიშვილების მარანს“. მარნის წარმომადგენელმა (ვინაობას არ ასახელებს) გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, რომელზეც ხალხმრავალი სუფრაა ასახული, გაიმართა 3 წლის წინ და არანაირი კავშირი არ აქვს პანდემიასთან.

„მერე რა, რომ 14 სექტემბერს გამოქვეყნდა - ეგ გამოქვეყნების თარიღია, თორემ ძველი ფოტოები გავრცელდა. ნამდვილად ძველისძველი ფოტოებიაო“, - ირწმუნება „ჯავახიშვილების მარნის“ წარმომადგენელი. თუმცა ფოტოები რომ მიმდინარე წელს არის გადაღებული, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა კომპანია „გრატას“ დირექტორმა ირმა კოდუამ.

კოდუას სიტყვებით, ფოტოებზე ასახული ღონისძიება გაიმართა 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში, მანამდე, ვიდრე რეგულაციები გამკაცრდებოდა.

„ეს იყო ერთ-ერთი ღონისძიება იმის საჩვენებლად, რომ პანდემიის პირობებშიც შეიძლება კორპორატიული ღონისძიებების ჩატარება. ეს არ ყოფილა არც ქორწილი და არც რაღაც ტიპის სოციალური ღონისძიება - ეს იყო საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება. დაცული იყო ყველა სტანდარტი და რეგულაცია. ყველა მონაწილე იყო ვაქცინირებული ან გატესტილი. ვინც ვაქცინირებული იყო, ისიც გაიტესტა. ამ ყველაფერზე არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა აგვისტოს დასაწყისში. ღონისძიება იყო ლამაზი, განსაკუთრებული და განსხვავებული; ვფიქრობ, ერთ-ერთი საჩვენებელი იმ კუთხით, რომ პანდემიის მერე თურმე შესაძლებელია, სტანდარტების დაცვით ჩატარდეს კორპორატიული ღონისძიებები“, - გვითხრა ირმა კოდუამ და დაამატა, რომ სტუმრები იყვნენ უცხოელები და მათ ჰქონდათ კოვიდპასპორტებიც.

„მათ თან ჰქონდათ ჩამოტანილი ტესტები. კომპანიებს არ აწყობთ, ეპიდემია აუფეთქდეს, როდესაც ჰყავს თანამშრომლები. ასე რომ, აქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა“.

რადიო თავისუფლება ცდილობდა დაკავშირებოდა ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მის უწყებას ყვარელში გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებასთან დაკავშირებით და რა რეაგირება მოახდინა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

„ფაქტ-მეტრის“ ჯანდაცვის მიმართულების უფროსმა ანალიტიკოსმა თეონა აბსანძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ პანდემიის დაწყების დროს დაწესებული აკრძალვა ამ პერიოდამდე მოქმედებს და დაუშვებელია 10-ზე მეტი პირის შეკრება ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე ან გასართობი ღონისძიება.

„საკოორდინაციო საბჭო რიგი აკრძალვების გაუქმების დროს მუდმივად გვახსენებდა, რომ კვლავ ძალაში იყო აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების მექანიზმიც არსებობდა, არ ხდებოდა მონიტორინგი და კანონდამრღვევებს არ აკისრებდნენ სანქციებს. აგვისტოში, მხოლოდ მას შემდეგ განაცხადეს კონტროლის მექანიზმების გაძლიერების შესახებ, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაშინ ღიად თქვეს, რომ მსგავს ღონისძიებებს მკაცრად გააკონტროლებდნენ, თუმცა ამით ახალი არაფერი შექმნილა. მანამდეც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიშვებული მდგომარეობა იყო“, - განაცხადა თეონა აბსანძემ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით, რომელიც ამ დრომდე მოქმედებს, იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.

ამავე დადგენილებით, აკრძალულია პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ ფართის გადაცემა, თუკი ის გეგმავს 10-ზე მეტი პირის შეკრებას. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესტორნებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, ობიექტები დაილუქება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG