შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დააკავეს პირი, რომელმაც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.
სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.
დაშავებულები კლინიკაში მკურნალობენ.
„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას.
გიორგი ტატუაშვილის თქმით, განცხადებით, მოძალადენი ისევ ის ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თავს ესხმოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამისთვის გასამართლდნენ.