Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელი მოსწავლეები: როგორ ხდება მშობლიური ენა უცხო


გალის რაიონის სკოლები საბოლოოდ გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე. ცვლილება სხვა დანარჩენებთან ერთად რაიონის ქვედა ზონაში არსებული სკოლების მე-11 კლასელებსაც შეეხოთ, ისინი ბოლოები იყვნენ, ვინც განათლებას დღემდე მშობლიურ ქართულ ენაზე იღებდნენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტროს განკარგულება სკოლებში მოულოდნელად მოვიდა, მაშინ როცა სწავლა უკვე დაწყებული იყო.

17 წლის ანასთან (სახელი შეცვლილია) ერთად კლასში 20 ბავშვი სწავლობს. მთელი 10 წლის განმავლობაში ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებდნენ, მაგრამ, როგორც გოგონა ჰყვება, 12 სექტემბერს სკოლის ადმინისტრაციამ დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ახალი განკარგულება მიიღო, რომლის თანახმადაც ახლა სწავლა რუსულად უნდა გააგრძელონ.

„ამას არავინ ველოდით. დაახლოებით 5 წლის წინ სხვა კლასები რუსულ ენაზე სწავლებაზე გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სკოლის დამთავრებას ქართულად შევძლებდით. ერთი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, დირექტორს განათლების სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოლო კლასიც უნდა გადაეყვანა რუსულენოვან სწავლებაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რთულია, მე და ჩემმა თანაკლასელებმა რუსული ისეთ დონეზე არ ვიცით, რომ ყველა საგნის რუსულად სწავლა შევძლოთ. გარდა ენობრივი ბარიერისა, პროგრამული სხვაობაც არის. რუსული და ქართული კლასები სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ“.

ანას თქმით, ეს ცვლილება მათთვის იმითაც არის რთული, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ჩააბარონ. გოგონა თბილისში სამართლის შესწავლას აპირებს.

„დამეთანხმეთ, რომ ერთი წელიც ძალიან ბევრია, განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის. მე და ჩემი კლასელების უმეტესობა ვაპირებთ, სწავლა (ჩაბარების შემდეგ) საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაგრძელოთ“.

21 წლის უჩამ (სახელი შეცვლილია) სკოლა გალში 4 წლის წინ დაამთავრა. ანისგან განსხვავებით, ის რუსულენოვან სწავლებაზე ჯერ კიდევ მერვე კლასში გადაიყვანეს. უჩა იმ სიძნელეებზე ჰყვება, რომელიც ამ გადაყვანის შედეგად წარმოექმნა. ამის შემდეგ მისი კლასელებიდან ნაწილმა გადაწყვიტა, სწავლა რუსეთში გაეგრძელებინა, ფიქრობდნენ, რომ ქართულ გარემოში ვეღარ ისწავლიდნენ.

„მე საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. ბევრი დაბრკოლება შემხვდა, ენობრივი ბარიერი, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, სოციალიზაციის პროცესიც რთულად გავიარე. ეს პრობლემები ყველა იმ მოზარდს ექმნება, რომელიც ენგურის აქეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის“.

დედაენისადმი მიძღვნილი პარკი თბილისში
დედაენისადმი მიძღვნილი პარკი თბილისში

ქეთი (სახელი შეცვლილია), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, ჰყვება, რომ გალის სკოლების რუსიფიკაცია 10 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მოსწავლეებს, რომლებიც უკვე ქართულად სწავლობდნენ, ნება დართეს სწავლა მშობლიურ ენაზე დაესრულებინათ. თუმცა, ეს გამონაკლისი მხოლოდ გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონას შეეხო. ქეთი იხსენებს, რომ ზემო ზონაში მაშინვე ქართულიდან რუსულზე გადავიდნენ და უკვე დიდი ხანია, რაც იქ ქართულს, როგორც უცხო ენას ისე ასწავლიან, მას კვირაში რამდენიმე საათი ეთმობა.

„ქვემო ზონას რაც შეეხება, იქ იყო შესაძლებლობა ქართულად ესწავლათ. მოსამზადებელი კლასიდან დაიწყო რუსულის სწავლება და, შესაბამისად, ქართული რუსულით ეტაპობრივად ჩაანაცვლეს. დღეისთვის 10 კლასი სრულად რუსულად სწავლობდა, მე-11 კლასი კი ბოლო კლასი იყო, რომელიც ქართულად იღებდა განათლებას, რადგან მათ დაჰპირდნენ, რომ სკოლას ქართულად დაამთავრებდნენ. როგორც ჩემთვის, ისე მათთვის, ალბათ მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვისაც ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო“.

საქართველოს განათლების სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, მკაცრად გააკრიტიკეს გალის რუსიფიკაციის პროცესი.

„მსგავსი უკანონო ქმედება ეთნიკური დისკრედიტაციისა და რუსიფიკაციის მრავალწლიანი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს. მისი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის გაქრობა და მოსახლეობის სრული ასიმილაციაა“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ ქართულ ენაზე სწავლების პრობლემა აქტუალურია ახალგორის რაიონშიც და აპირებენ ეს საკითხი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილონ, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

XS
SM
MD
LG