Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი აცხადებს, რომ მზადაა ჩანაწერების საქმის გამოძიების ყველა ეტაპზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყების ობიექტური ინტერესია, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. უწყება მზადყოფნას აცხადებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პროკურატურასთან:

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან:

„მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სუს-ი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გამოეხმაურა.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ოფიციალური გამოხმაურება საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. საპატრიარქოს ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას მედიასთან აღნიშნა, რომ „მსგავსი ფაბრიკაციები“ შეგნებულადაა მიმართული ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისკენ. მისი თქმით, საპატრიარქო აღნიშნულზე სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG