საქართველოს საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ „მსგავსი ფაბრიკაციები“ შეგნებულადაა მიმართული ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისკენ. „ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ მე ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია“, - უთხრა ჟურნალისტებს ედიშერ ქარჩავამ, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო აღნიშნულზე სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებს:
„რამდენი სისულელე გავა, იმდენ სამართლებრივ დავას ჩვენ არ ვაპირებთ. ის, რაც მე მოვისმინე, ეს არის, მე შემიძლია ვთქვა, რომ სამართლებრივად სისულელე“, - განაცხადა მედიასთან ედიშერ ქარჩავამ. მისი თქმით, სამართლებრივი დავის დაწყება მსგავს სისულელეებზე ყოველთვის არასწორია. „მე დასამალი არაფერი არა მაქვს, აბსოლუტურად არაფერი. ვისაც უნდა მისმინოს და რაც უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.
ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.
ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ამ თემაზე კომენტარი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია. ოფიციალური გამოხმაურება არც საპატრიარქოს გაუვრცელებია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.