ავღანეთში ქალებს უფლება ექნებათ ისწავლონ უნივერსიტეტებში მხოლოდ ქალთა ჯგუფებში და ჩაცმის ისლამური წესების დაცვით. ამის თაობაზე 12 სექტემბერს განაცხადა ავღანეთის მთავრობის წევრმა, აბდულ ბაყი ჰაყანიმ, როცა თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის, მხოლოდ კაცებისგან შემდგარი კაბინეტის, ახალი პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა.
მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს ავღანეთს, სადაც აგვისტოში თალიბანმა კვლავ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, და აკვირდება, თუ რა ცვლილებები ექნება რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფს თავის პოლიტიკაში 1990-იან წლებთან შედარებით. იმ პერიოდში ქალებს და გოგონებს სწავლა აკრძალული ჰქონდათ და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამორიცხული იყვნენ.
თალიბანმა თვიდანვე გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკის შეცვლას, სხვათა შორის, ქალების მიმართაც. ჰაყანიმ, რომელსაც განთლების სფერო ჩააბარეს, განაცხადა, რომ თალიბანს არ სურს 20 წლით უკან დაბრუნდეს.
თუმცა უნივერსიტეტებში ქალ სტუდენტებს ექნებათ შეზღუდვები ჩაცმულობის ისლამური წესის სავალდებულო დაცვის ფორმით. მას არ დაუზუსტებია, ლაპარაკია მხოლოდ ჰიჯაბზე თუ სახის მთლიანად დაფარვაზე. მისი თქმით, სხვადასხვა სქესის სტუდენტები ცალკე ჯგუფებში დაესწრებიან სემინარებს.