Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის არჩევნების გზამკვლევი


რამდენიმე დღეში გერმანიის ფედერალური არჩევნები ჩატარდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი კენჭისყრაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. აი, რას ელიან კანცლერ ანგელა მერკელის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვინ შეცვლის მას და რა განსხვავებაა „იამაიკის კოალიციასა“ და „შუქნიშნის კოალიციას“ შორის.

რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეს არჩევნები

გერმანიას, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრს პირველად ეყოლება ახალი ლიდერი 2005 წლის შემდეგ. ანგელა მერკელი გვერდზე გადადგება - ოთხი მოგებული არჩევნების და 16-წლიანი მმართველობის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მან ითანამშრომლა დიდი ბრიტანეთის 5 პრემიერ-მინისტრთან, ამერიკის 4 პრეზიდენტთან და საფრანგეთის 4 ლიდერთან. ანგელა მერკელი მიიჩნეოდა დასავლური ლიბერალური წესრიგის ღერძად, ევროკავშირის დე-ფაქტო ლიდერად და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად. ბევრი გერმანელი კი მას მარტივად mutti -დ მოიხსენიებდა.

მერკელს ხშირად აღიქვამდნენ მთავარ მოთამაშედ სხვადასხვა კრიზისებში, რომლებიც კონტინენტს ბოლო წლებში დაატყდა თავს - იქნებოდა ეს ევროს გაუფასურება, მიგრანტთა ტალღები, ბრექსიტი თუ პანდემია. მას ხშირად სდებდნენ ბრალს, რომ არ გააჩნდა გერმანიისა და ევროპის მომავლის მკაფიო ხედვა და უჭირდა რთული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, მან მაინც მოახერხა თავისი ქვეყნისა და ევროკავშირის შეკვრა კომპრომისების და დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად.

მისი ეპოქა საბოლოოდ 26 სექტემბერს დასრულდება, როდესაც გერმანელები საარჩევნო უბნებზე მივლენ.

ამ არჩევნებში არც მისი მემკვიდრეა მკაფიოდ განსაზღვრული და არც რომელიმე პარტიის პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვებას ელიან. თან, გაურკვევლობა არჩევნების დღეს არ დასრულდება. საჭირო იქნება კოალიციების შეკვრა. სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში პირველად გაჩნდეს უმცირესობის მთავრობა, ან პირველი სამპარტიული კოალიცია 1950 წლის შემდეგ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვაჭრობამ დიდ ხანს გასტანოს და ბერლინი და ევროკავშირი წლის ბოლომდე იყოს გაურკვევლობაში - ეს მაშინ, როდესაც ევროპაში დელტა ვარიანტის მძვინვარებს და ავღანეთში თალიბანის გამარჯვების შედეგები იქნება სამართავი.

ვინ ჩაანაცვლებს მერკელს

ყველაზე რეალისტური ვარაუდია, რომ მერკელის მემკვიდრე გახდება სამი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიიდან რომელიმეს ლიდერი. ესენი არიან სოციალ-დემოკრატები (SPD), მემარჯვენე-ცენტრისტული CDU/CSU და „მწვანეები“. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გამოკითხვებში ხან ერთი დაწინაურდა, ხან მეორე და ხანაც - მესამე. ახლაც მათ მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აშორებთ ერთმანეთს.

ფავორიტი ჯერ-ჯერობით SPD-ს კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცია. თუ მისი პარტია არჩევნებში წარმატებას მიაღწევს, მას კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა. ის ზომიერი მემარცხენე პოლიტიკოსია, რომელმაც დებატების პირველი ტური წარმატებულად ჩაატარა და გამოკითხვების აჩვენებს, რომ ამომრჩეველი სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. ის მერკელის პარტიას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც აღიქმება, როგორც არსებული პოლიტიკის გამგრძელებელი კანდიდატი - უსაფრთხო არჩევანი. თუმცა, მისი წარმატება დიდწილად მისი კონკურენტებს უნიათობამაც გამოიწვია.

CDU/CSU-ს კანდიდატმა, არმინ ლაშეტმა პრაიმარიში რამდენიმე თვის წინ გაიმარჯვა. მაშინ მისი პარტია გამოკითხვებში ლიდერობდა. თუმცა, შემდეგ მან არაერთი შეცდომა დაუშვა. ყველაზე უარესი კი ის იყო, როდესაც კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ იცინოდა ლაშეტი რაღაც ხუმრობაზე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზაფხულის კატასტროფული წყალდიდობის შედეგებზე ლაპარაკობდა. წყალდიდობამ კი განსაკუთრებით სწორედ ის მხარე დააზარალა, რომელსაც ლეშეტი ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ოლაფ შოლცი, თავის მხრივ აცხადებდა, რომ მისი სამინისტრო ბევრ ფულს დახარჯავდა დაზარალებული რეგიონის დასახმარებლად და ამან მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქულები მოუტანა.

ანალენა ბერბოკი, „მწვანეების“ კანდიდატი ასევე მზარდი პოპულარობით სარგებლობდა წლის დასაწყისში. თუმცა შემდეგ ის რამდენიმე სკანდალში გაეხვა. მას ბრალად სდებენ პლაგიატს და სივის გაბუქებას. ლაშეტის და ბერბოკის პარტიებში ასევე მძლავრობს მოსაზრება, რომ საუკეთესო კანდიდატი არ შეურჩევიათ. CDU/CSU-ში დიდი გავლენით სარგებლობს ბავარიის პრემიერი მარკუს სიოდერი, რომელმაც ლაშეტს ოფიციალურად მხარი დაუჭირა, თუმცა ამავე დროს, მას ხშირად წაკბენს ხოლმე. „მწვანეების“ შემთხვევაში კი პარტიის მეორე ლიდერი, რობერტ ჰაბეკი მიიჩნეოდა უფრო შესაფერის კანდიდატად. ამ ორი პოლიტიკოსის სახელს უფრო ხშირად გავიგონებთ ხოლმე ან ამ შემოდგომაზე ან, რაც უფრო სავარაუდოა, ოთხო წლის შემდეგ, ფედერალურ არჩევნებზე.

ვინ შექმნის სავარაუდოდ მომავალ კოალიციას?

ეს ბოლო რამდენიმე თვის მთავარი შეკითხვაა. და აქ მნიშვნელოვანი ხდება ფერების ცოდნა. ერთი ფერი თავიდანვე შეგვიძლია გამოვრიცხოთ - ლურჯი. ეს ულტრამემარჯვენე Alternative fur Deutschland (AfD)-ის ფერია. არც ერთ პარტიას სურს მათთან კოალიცია. 2017 წლის არჩევნებში მათ პირველად მოახერხეს ბუნდესტაგში მოხვედრა. თუმცა, მას შემდეგ მათმა პოპულარობამ იკლო და ახლა ელიან, რომ პარტია ხმების 10%-ს აიღებს და ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება.

დარჩა ხუთი პარტია. აქედან სამი, სავარაუდოდ, კოალიციას შექმნის. CDU/CSU-ს ფერი შავია, SPD-ს წითელი, „მწვანეების“, ცხადია, მწვანე, ლიბერალური FDP ყვითელია და ულტრამემარცხენე Die Linke ასევე წითელი, თუმცა დროდადრო მათ მეწამული ფერით გამოსახავენ, სოციალ-დემოკრატებისგან რომ გაარჩიონ. SPD-ს, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 25% აქვს. თუ კოალიციის შექმნა მათ დაევალათ, ისინი სავარაუდოდ „მწვანეებს“ დაუკავშირდებიან, რომლებიც ახლა 15-18 პროცენტს აჩვენებენ. თუმცა, მათ ალბათ მესამე პარტიაც დაჭირდებათ უმრავლესობის უზრუნველსაყოფად და ეს მესამე შესაძლოა Die Linke აღმოჩნდეს. „წითელი-წითელი-მწვანე“ კოალიცია პარტიის სოციალისტ მხარდამჭერებს დააკმაყოფილებს. Die Linke ამჟამად 7 პროცენტს ელის. ეს ღიად პრორუსული და ნატოს მოწინააღმდეგე პარტიაა - აღმოსავლეთი გერმანიის მმართველი კომუნისტური პარტიის პირდაპირი ჩამომავალი. მართალია, ის AfD-ს მსგავსი პოლიტიკური კეთროვანი არაა, მაგრამ მისი კოალიციაში ყოფნა ბევრისთვის აუტანელი იქნება.

ამიტომ, ყველაზე სავარაუდოდ ახლა ეგრეთწოდებული „შუქნიშნის კოალიცია“ მიიჩნევა - წითელი SPD და „მწვანეების“ კავშირი ყვითელ FDP-სთან, რომელიც ამჟამად ხმების 12 პროცენტს უმიზნებს. მაგრამ, თუ SPD მოლაპარაკებებში წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ კოალიციის შექმნის შანსი ლაშეტს და CDU/CSU-ს ექნება, რომლებიც, ამ წუთის მონაცემებით ხმების 20 პროცენტს ელიან. FDP მათი ბუნებრივი მოკავშირეა და მათ შეიძლება მოახერხონ „მწვანეების“ შემოერთება. ამ შესაძლებლობა „იამაიკის კოალიციას“ უწოდებენ, ამ ქვეყნის დროშის ფერების გამო.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ CDU/CSU და SPD შევლენ უფრო დიდ კოალიციაში, დაიმატებენ FDP-ს და „გერმანიის კოალიციას“ შექმნიან - ასე გერმანიის დროშის ფერების გამო მოიხსენიებენ.

შესაძლებლობები დიდია, ამიტომ არჩევნების შემდეგ კიდევ დიდხანს ელიან პოლიტიკური ტემპერატურის მატებას.

როგორ შეიცვლება გერმანია ამ არჩევნების შემდეგ?

აი ამის წინასწარმეტყველება კი თითქმის შეუძლებელია. ჯერ ისიც კი არ ვიცით, რა ტიპის მთავრობას ვნახავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა პარტიას თავისი ფრაქციები გააჩნია, რომლებიც ვერ თანხმდებიან უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე. ავიღოთ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა. CDU/CSU-ს, FDP-ს და SPD-ს ბევრი წევრი ამ ქვეყნების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა. ამავე დროს ამ პარტიებს ბიზნესის ინტერესების გამტარებელი ელემენტებიც ჰყავთ, რომლებიც მოსკოვთან და პეკინთან სავაჭრო ურთიერთობების გაფუჭებას უფრთხიან. SPD ალბათ ყველაზე რბილია რუსეთთან მიმართებაში - ამ პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „ნორდსტრიმის“ და „როსნეფტის“ საბჭოების თავმჯდომარეა. რუსეთთან ურთიერთობაში შედარებით რადიკალურად ალბათ „მწვანეები“ ჩანან, რომლებისთვისაც უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებები. ამავე დროს, ამ პარტიას „პაციფისტური“ ფესვები აქვს და ისინი სამხედრო დაფინანსების გაზრდას ერიდებიან. ერთი რამ კი ცხადია - Die Linke თუ სამთავრობო კოალიციაში მოხვდა, ეს დასავლელ პარტნიორებს ძალიან დააფრთხობს.

თუმცა, რამდენიმე პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია. სავარაუდოა, რომ გერმანია ოდნავ მარცხნივ გადაიხრება. ამის შედეგი შესაძლოა იყოს ევროპულ დონეზე ფედერალიზმის გაძლიერება, რასაც საფრანგეთი მიესალმება. არ იქნება გასაკვირი, რომ რამდენიმე სფეროში ევროპის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამავე დროს, გამორიცხული არაა, რომ ბერლინმა უფრო მკაცრი ტონი დაიჭიროს პოლონეთისა და უნგრეთის მიმართ.

თუ CDU/CSU მთავრობის მიღმა დარჩა, მაშინ პან-ევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის ხალხის პარტია“ (EPP) აღარც ერთ წევრ ქვეყანაში აღარ იქნება მმართველი. მერკელის წასვლასთან ერთად EPP ვეღარ იქნება ევროპის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა და სლოვენიის პრემიერმა იანეშ იანშამ შეიძლება ამით ისარგებლონ და ახალი, დიდი, პოპულისტური ევროპული მემარჯვენე ჯგუფი შექმნან.

გერმანიის არჩევნები მხოლოდ ამ ქვეყნის კი არა, ევროპის მომავალსაც განსაზღვრავს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG