Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სავალდებულო გახდა სახელმწიფო მოხელეთა ვაქცინაცია


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ფაიზერის" ვაქცინით 2020 წლის დეკემბერში აიცრა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ფაიზერის" ვაქცინით 2020 წლის დეკემბერში აიცრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სავალდებულო გახადა სახელმწიფო მოხელეთა აცრა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მთავრობის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვისაც.

სახელმწიფო მოხელეთა სავალდებულო ვაქცინაციის განკარგულებას რესპუბლიკელებმა დისკრიმინაციული უწოდეს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა, რომელიც მან 9 სექტემბერს, თეთრ სახლში წარმოადგინა და 100 მილიონამდე ამერიკელს შეეხება, ითვალისწინებს ფედერალურ პროგრამებში ჩართული პედაგოგების და სამედიცინო პერსონალის აცრასაც. თავდაცვის სამინისტროს დაევალა სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო ვაქცინაციის გეგმის მომზადება.

გარდა ამისა, ყველა საწარმოს, სადაც 100, ან მეტი თანამშრომელია, მოეთხოვება მათი აცრის, ან კვირაში ერთხელ ტესტირების უზრუნველყოფა.

როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, მოთმინება იწურება, რადგან აცრაზე უარი ყველას ძვირად უჯდება და ვაქცინირებულ ამერიკას იმედი სულ უფრო უცრუვდება 80 მილიონი ადამიანის გამო, რომლებიც არ აცრილან და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას.

პრეზიდენტ ბაიდენის გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის სავალდებულო გამოყენების წესის დამრღვევთა მიმართ ჯარიმის გაორმაგებასაც. პირველი დარღვევისთვის ჯარიმა 500 დოლარი იქნება, ხელმეორედ დამრღვევი კი, 3000 დოლარით დაჯარიმდება.

ამ დროისთვის აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 53%-ზე ოდნავ მეტი. უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ჯონსონის“ ვაქცინებით.

პანდემიის განმავლობაში, აშშ-ში დაინფიცირდა 41 მილიონზე მეტი ადამიანი და 670 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG