Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეზერაშვილი გეგმავს მიმართოს ევროსასამართლოს


დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

უზენაესი სასამართლოს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს „ფეისბუკზე" ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრე დავით კეზერაშვილი. ის გეგმავს მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა.

მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი - იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა", - წერს კეზერაშვილი.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ „სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე" აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.

„თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს", - აღნიშნავს კეზერაშვილი და პრემიერ-მინისტრ რარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, - „ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას".

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

XS
SM
MD
LG