Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოელი ქალის სიკვდილი რუხის კლინიკაში - რას ჰყვებიან კოვიდით გარდაცვლილის ოჯახის წევრები?


ვეერარაგავა რაიაუდუ, ინდოეთის მოქალაქე, რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით 29 აგვისტოს გარდაიცვალა. 58 წლის ქალი კორონავირუსით აგვისტოს დასაწყისში დაინფიცირდა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები რუხის საავადმყოფოს დაგვიანებულ მკურნალობასა და პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის არარსებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კლინიკის მედპერსონალი მხოლოდ მას შემდეგ გამოდიოდა ოჯახთან კავშირზე, რაც საქმეში ე.წ. სანაცნობო წრე, კლინიკის ზემდგომი ინსტანციის წარმომადგენლები ერთვებოდნენ. როგორც გარდაცვლილი ქალის რძალი გვეუბნება, ჯანდაცვის მინისტრთან მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ მოიპოვა ოჯახმა პრეპარატი რემდესივირიც, რომელიც მძიმე კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

58 წლის ვეერარაგავა რაიაუდუ საქართველოში 2019 წლიდან, შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ქვეყანაში დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა. კორონავირუსით ხობის რაიონში, სოფელ ხეთაში დაინფიცირდა. ვირუსი სახლში გაკეთებულმა სწრაფმა ტესტმა, 9 აგვისტოს დაუდასტურა.

ვეერარაგავა რაიაუდუ
ვეერარაგავა რაიაუდუ

როგორც მისი რძალი, თინათინ ლატარია გვიყვება, დედამთილის ინფიცირების შესახებ მაშინვე შეატყობინა 112-ს და ქალი ონლაინ ექიმის მითითებებით აგრძელებდა ბინაზე მკურნალობას. 13 აგვისტოს, ექიმის დანიშნულებით ჩაიტარა გამოკვლევები, რამაც სისხლში ცვლილებები და ფილტვის 6-ბალიანი დაზიანება აჩვენა:

„ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა. მხოლოდ ერთი დოზის დალევა მოასწრო. მეორე დღეს, კვირას, უკვე ცუდად გახდა. დაეწყო კანკალი და სისხლიანი ნახველი, 78-მდე დაუვარდა სატურაცია. გამოვიძახეთ სასწრაფო“, - გვიყვება თინათინ ლატარია.

ავადმყოფის გარშემო ეყარა სისხლიანი ხელსახოცები, ჟანგბადის ნიღაბი სისხლით იყო სავსე

როგორც გარდაცვლილის რძალი იხსენებს, სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა რუხის კლინიკის მედპერსონალთან. რაკიღა ინფიცირებულს არ ჰქონდა კოვიდის დამადასტურებელი ტესტის ოფიციალური საბუთი, ის კლინიკამ იმ დრომდე არ მიიღო სტაციონარში, სანამ ტესტი სხვა კლინიკაში არ გაუკეთეს:

„ასეთი მძიმე პაციენტი დაახლოებით ორი საათი კიდევ აწვალეს, რომ კოვიდის დადასტურებული პასუხი ჰქონოდა. ძალიან ცუდად გრძნობდა ჩემი დედამთილი თავს. უჭირდა სუნთქვა, ჰქონდა სისხლიანი ნახველი, მაგრამ მიმღებში გვეუბნებოდნენ, ამას არაფერი ეტყობა ცუდად ყოფნისო. ასე ალბათ იმიტომ გვეუბნებოდნენ, რომ თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში. არადა, ღამის 11 საათისთვის მოხერხდა მისი სტაციონარში დაწვენა. მოგვაწერინეს დოკუმენტებზე ხელი, რომ რაკი პაციენტი არ იყო საქართველოს მოქალაქე და მას მხოლოდ დროებითი ბინადრობის ხუთწლიანი ნებართვა ჰქონდა, მკურნალობის საფასურს ჩვენ გადავიხდიდით“.

რუხის კლინიკა
რუხის კლინიკა

თინათინ ლატარია გვიყვება, რომ მთელი მომდევნო დღე, ორშაბათი, მისი დედამთილი თერაპიული განყოფილების პალატაში იწვა და გარდა ჟანგბადისა და პარაცეტამოლისა, მისთვის სხვა არანაირი მედიკამენტი არ მიუციათ და არც გამოკვლევა ჩაუტარებიათ, სანამ ხმაურისა და სანაცნობო წრის ჩარევის შემდეგ, ქალის სანახავად მისი შვილი არ შევიდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედა არ ნახა:

„ორშაბათს, როდესაც ტელეფონით ველაპარაკეთ, მივხვდით, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული იყო. ჩემი ქმარი და ძმა წავიდნენ კლინიკაში, მოითხოვეს მედპერსონალთან დალაპარაკება. აუხსნეს სიტუაცია, რომ ვერც ქართულად და ვერც ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა პაციენტი და კომუნიკაციისთვის ვინმე სჭირდებოდა. იძულებულები გავხდით, ჩაგვერია ე.წ. სანაცნობო წრე, რომ შეეშვათ ჩემი ქმარი დედამისის სანახავად. როდესაც ჩემი ქმარი შევიდა პალატაში, ნახა, რომ ავადმყოფის გარშემო ეყარა სისხლიანი ხელსახოცები, ჟანგბადის ნიღაბიც კი, რომელიც სახეზე ეკეთა, სისხლით იყო სავსე. ქალი სისხლს ახველებდა. დედამისმა უთხრა, რომ მთელი დღის განმავლობში, მისთვის გარდა პარაცეტამოლისა, არანაირი სხვა მედიკამენტი არ მიუციათ. უთხრა, რომ ეშინოდა ტუალეტში გასვლის, რადგან ჟანგბადის ნიღაბს რომ იხსნიდა, იხრჩობოდა. არ ვიცით, თუკი ექიმს ნანახი ჰყავდა პაციენტი ამ მდგომარეობაში, როგორ არ მიიღო სათანადო ზომები? ჩემმა ქმარმა დაუყოვნებლივ მოითხოვა CT-ს [კომპიუტერული ტომოგრაფი] გადაღება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს უკვე ფილტვის 21-ბალიანი დაზიანება ჰქონდა. ფილტვების 84% დაზიანებული იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის რეანიმაციაში“.

ვეერარაგავა რაიაუდუს ოჯახის წევრებმა პაციენტის მკურნალობის პროცესში პრეპარატ რემდესივირის ჩართვა მოითხოვეს. თუმცა, როგორც თინათინ ლატარიას ძმა, ირაკლი ლატარია გვიყვება, ისინი ამ შემთხვევაშიც პრობლემებს წააწყდნენ:

„მე რემდესივირის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი სიძე იყო ინფორმირებული ამ პრეპარატის თაობაზე და მან მოითხოვა რემდესივირის ჩართვა დედამისის მკურნალობის პროცესში. გაირკვა, რომ კლინიკას რემდესივირი არ ჰქონდა და პრეპარატზე მოთხოვნა საავადმყოფოს თბილისში უნდა გაეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ იმ დღის მორიგე ექიმმა არც კი იცოდა, როგორ უნდა გაგზავნილიყო შაბლონი წამლის მოთხოვნაზე. გადამამისამართა სხვა ექიმთან, რომელმაც მითხრა, რომ სამი დღე დასჭირდებოდა წამლის რუხის კლინიკაში ჩამოტანას. აგვიხსნეს, რომ პროტოკოლის თანახმად, ინფიცირებიდან მხოლოდ 10 დღემდე უნდა გადაესხას პაციენტს რემდესივირი, შემდეგ უკვე აღარ შეიძლება და მაინც ვერ მოასწრებთ მის შოვნასო. ჩვენი პაციენტი უკვე ავადობის მერვე დღეზე იმყოფებოდა“.

პრეპარატის მოძიებას პაციენტის ოჯახის წევრები ნაცნობების დახმარებით შეეცადნენ. სწორედ ნაცნობების მეშვეობით შეიტყვეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ნომერიც და მას დახმარების თხოვნით მესიჯი მისწერეს:

„მალევე მივიღეთ პასუხი, რომ პრეპარატს მოგვცემდნენ. ეს ინფორმაცია შევატყობინეთ ექიმს, რომელმაც უკვე კლინიკიდან ოფიციალურად გადაგზავნა მოთხოვნა. იმავე ღამეს წავედი თბილისში მედიკამენტის ჩამოსატანად“, - გვიყვება ირაკლი ლატარია.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები იხსენებენ, რემდესივირის გადასხმის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოიხსნა ფილტვის არაინვაზიური ვენტილაციის CPAP აპარატიდან, თუმცა ეს მდგომარეობა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში, ე.წ. ფორმა 100-ში ვკითხულობთ:

„მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, ცნობიერების დონე დათრგუნულია, მიუხედავად CPAP თერაპიისა, რესპირატორული პარამეტრები დაკომპენსირებული, სატურაცია არ იზომება. 27 აგვისტოს, 06:30 საათზე გადაწყდა ფილტვის გეგმიური ხელოვნური ვენტილაციის წარმოება. ავადმყოფის მდგომარეობა 29 აგვისტოს 10:25 საათისთვის კრიტიკულია... ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად გულის რითმის აღდგენა ვერ მოხერხდა. 11:10 საათზე კონსტატირებულ იქნა ბიოლოგიური სიკვდილი“.

ამონაწერი ვეერარაგავა რაიაუდუს ჯანმრთელობის ცნობიდან
ამონაწერი ვეერარაგავა რაიაუდუს ჯანმრთელობის ცნობიდან

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები წუხან იმაზე, რომ მთელი 15 დღის განმავლობაში, რა პერიოდიც 58 წლის ქალმა კლინიკაში გაატარა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად, ვერ იგებდნენ და თითოეული სიტყვის მოძიება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ:

„გვეუბნებოდნენ, რომ პაციენტის ახლობლებისთვის დეტალების ცოდნა, მკურნალობის მეთოდები და ა.შ. არ არის საჭირო. იმისათვის, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ მიგვეღო მცირედი ინფორმაცია, გვიწევდა უამრავი ადამიანის შეწუხება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რომ გადაიყვანეს, ესეც მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ჩვენ დავრეკეთ კლინიკაში, არც კი ჩაგვაყენეს საქმის კურსში. არადა, ჩვენ მანამდე ვიცოდით, რომ მისი მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებული იყო. ექიმი ამბობდა, რეანიმაციაში 35 პაციენტი მიწევს და სად მცალია, რომ ყველას დეტალურად გელაპარაკოთ თქვენს პაციენტებზეო. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრეღა შეხვდნენ ექიმები ჩემს ქმარს და ჩემს ძმას და უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა, მძიმე იყო“, - გვიყვება თინათინ ლატარია.

მისივე თქმით, დედასთან ვიდეოზარით გასაუბრებას ითხოვდნენ მისი ქალიშვილებიც, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობენ. თუმცა, რუხის კლინიკის მედპერსონალმა, ვერც ეს მოახერხა:

„ისე გარდაიცვალა, შვილებმა მასთან დალაპარაკება, გამომშვიდობება ვერ შეძლეს. სანამ გონზე იყო, ვითხოვდით, რომ მიეცათ უფლება დალაპარაკებოდა მის შვილს, ჩემს ქმარს. არ იცოდა, სად იყო, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ხდებოდა მის თავს. ალბათ ეს მდგომარეობაც ცუდად აისახა მის ჯანმრთელობაზე. ვეხვეწებოდით, რომ მოეცათ პაციენტთან დალაპარაკების საშუალება. ისინი გვპასუხობდნენ, რომ პაციენტი მშვიდად გრძნობს თავს, თქვენ უფრო ნერვიულობთ და გვაცადეთ გავაკეთოთ ჩვენი საქმეო“.

ინდოეთის მოქალაქის კოვიდმკურნალობა 9 943 ლარი და 2 თეთრი დაჯდა. თანხა ოჯახმა ქალის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გადაიხადა.

„მიცვალებულს არ გვატანდნენ, სანამ ხელწერილზე არ მოგვაწერინეს ხელი, რომ მკურნალობის თანხას აუცილებლად გადავიხდიდით. კატაფალკა უკვე მიყვანილი გვყავდა, როდესაც დაიწყეს მკურნალობის ხარჯების კალკულაცია. პროტოკოლის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო არ ანაზღაურებს. გამონაკლისია უცხოეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია. თუმცა, ამ შემთხვევაში, მე, შვილის ცოლი, ოჯახის წევრად არ ჩავითვალე. გარდა ამისა, ჩემი დედამთილი საქართველოში ხუთწლიანი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა, თუმცა, არც ეს ფაქტორი არ იქნება მიღებული მხედველობაში“, - ამბობს თინათინ ლატარია.

ყველა მეუბნება, მე რომ რუხის კლინიკაში დავრჩენილიყავი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი

ვეერარაგავა რაიაუდუს ოჯახის წევრები არ არიან გამონაკლისნი, რომლებიც რუხის საავადმყოფოში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობენ რადიო თავისუფლებასთან.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გასული წლის ნოემბერში აღმოჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არა მისი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ტრანსპორტირება, დღეს ის, სავარაუდოდ, ცოცხალი აღარ იქნებოდა. ინდოეთის მოქალაქის ოჯახის წევრების მსგავსად, ისიც სწორედ იმას ჩივის, რომ კლინიკის მედპერსონალი პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას მაქსიმალურად არიდებდა თავს და მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა:

„მართალია, მე რუხის კლინიკაში რამდენიმე თვის წინ ვმკურნალობდი, მაგრამ არ მგონია, მდგომარეობა დიდად შეცვლილიყო, რადგან იქ ადგილი აქვს სისტემურ პრობლემას, რაც ასე სწრაფად ვერ შეიცვლება. ეს არის ახალგახსნილი კლინიკა, რომელიც ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული სათანადო პროფესიონალებით, მუდმივად იცვლება მედპერსონალი. კომუნიკაცია ავადმყოფებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ნული. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ექიმები გვემალებოდნენ. ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რომ ვინმეს ნორმალურად მიეწოდებინა ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ან ჩემი ცოლისთვის, ან პირადად ჩემთვის. თქვენი რადიოს რეპორტაჟიდან გავიგე, რომ ჩემს შემთხვევაში, მეორე ფილტვშიც იყო გადასული პნევმონია. რადიო თავისუფლებიდან უნდა გამეგო, რომ პნევმონია მეორე ფილტვშიც მქონდა გადასული თუ ექიმისგან უნდა შემეტყო ეს? ვინმე ხომ უნდა არსებობდეს, ვინც აუხსნის პაციენტს, მისი ოჯახის წევრს, რა სიტუაციაა. არა, იქ მსგავსი არაფერი ხდებოდა. ყველა მეუბნება, მე რომ რუხის კლინიკაში დავრჩენილიყავი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ჩემთან ინტერვიუს ნაცვლად, ალბათ გაიხსენებდით, რომ რუხის კლინიკაში გარდაიცვალა ესა და ეს ადამიანი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“.

ცოტა ხნის წინ, კოვიდით გარდაიცვალა კორნელი კაკაჩიას დედის დეიდაშვილი. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ რუხის კლინიკაში მკურნალობდა. მოგვიანებით, კოვიდის უკვე გართულებული ფორმით, ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს სამკურნალოდ, თუმცა, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.

როგორც კორნელი კაკაჩია გვეუბნება, ამ შემთხვევაშიც, რუხის კლინიკის მედპერსონალი ოჯახის წევრებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მწირ, არასრულ ინფორმაციას აწვდიდა:

„როდესაც ვურეკავდი მის შვილს და ვეკითხებოდი დედამისის მდგომარეობის შესახებ, მეუბნებოდა, რომ ექიმების თქმით, ქალი იყო სტაბილურად. გულმა არ მომითმინა, გავიგე რუხის კლინიკის ექიმის ნომერი, დავრეკე და აღმოჩნდა, რომ ქალი სტაბილურად კი არა, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იყო. სტაბილურსა და სტაბილურად მძიმე მდგომარეობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. აღმოჩნდა, რომ ფილტვის დაზიანება უკვე 18 ბალი იყო. არავინ აუხსნა ამ ოჯახს, რეალურად, რა მდგომარეობაში იყო პაციენტი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, გულგრილობა, გადაღლა, თუ რა. თითქოს ეს ადამიანები ცდილობენ, პაციენტს, პაციენტის ოჯახსა და ექიმებს შორის არ შედგეს კომუნიკაცია, რაც შეიძლება მცირე ინფორმაცია გასცენ. აბსოლუტურად მოშლილია კომუნიკაცია“.

რუხის კლინიკის მმართველის პასუხი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს

რუხის კლინიკის მმართველი დავით შონია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინდოეთის მოქალაქეს კლინიკაში ყოფნის დროს, პროტოკოლით გაწერილი ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაც სათანადო იყო:

„პაციენტის მდგომარეობის გარკვეულ ნაწილს, რაც კონფიდენციალურია, იმას, რა თქმა უნდა, ვერ მოგიყვებით, მაგრამ რაც შეეხება მკურნალობას, კლინიკამ იხელმძღვანელა მკურნალობის იმ პროტოკოლით, რომლითაც სარგებლობს ყველა კლინიკა საქართველოში. რაც შეეხება კომუნიკაციის ნაწილს, პირადად ჩემთან, განყოფილების ხელმძღვანელთან, სხვა ექიმებთან და სხვა პერსონალთან, ყველასთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ვინც მოითხოვეს ექიმები, ყველასთან გვქონდა კომუნიკაცია და ვაწვდიდით ინფორმაციას იმ ნაწილში, რისი მიწოდების უფლებაც გვაქვს. რაც შეეხება რემდესივირს, ისიც უმოკლეს დროში იქნა მოწოდებული და გადაესხა პაციენტს. ჩვენ გავაკეთეთ ის მაქსიმუმი და ვხელმძღვანელობდით იმ პროტოკოლით, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოში ნებისმიერი კლინიკა და მკურნალობა მიმდინარეობდა ადეკვატურად. თუკი ოჯახის წევრებს მაინც აქვთ პრეტენზია, მაშინ მათ უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურს და ეს სამსახურები დაიწყებენ მოკვლევას“.

დავით შონიას თქმით, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი როგორც კოვიდის მკურნალობის პროტოკოლში გაწერილი მედიკამენტებით, ისე სხვა სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობით. მისივე თქმით, კლინიკა არ განიცდის არც პროფესიონალი მედპერსონალის, მათ შორის, ექთნების დეფიციტს.

რაც შეეხება რუხის კლინიკაში კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკას, დავით შონიას თქმით, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულმა პირმა წერილობითი ფორმით უნდა გამოითხოვოს, თუმცა ამბობს:

„დამიჯერეთ, რომ საქართველოში ჩვენი კლინიკა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა გარდაცვალების სტატისტიკის მიხედვით“.

რუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო

ვეერარაგავა რაიაუდუს ოჯახის წევრები გეგმავენ განცხადებით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა უწყებამ შეისწავლოს მათი ოჯახის წევრის მკურნალობის პროცესში არსებული ხარვეზები.

როგორც რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე გვეუბნება, ამ დრომდე, რუხის კლინიკაში პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის საკითხს სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. როგორც ის გვიხსნის, უწყებაში ამ მოთხოვნით არცერთი განცხადება და საჩივარი არ შესულა:

„როგორც კი სააგენტოში შემოდის განცხადება ან საჩივარი, ან სხვა რაიმე საშუალებით შევიტყობთ ინფორმაციას შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ჩვენ ვახდენთ მყისიერ რეაგირებას. ხორციელდება სათანადო ადმინისტრაციული წარმოება. მეწარმის შემოწმების შემთხვევაში, სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, გაიცემა ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე შევდივართ დაწესებულებაში კომისიური წესით და ხდება შემოწმება კონკრეტული მიმართულებით“.

გიორგი გუნცაძის თქმით, რუხის კლინიკაში გახსნის დღიდან ამ დრომდე არ განხორციელებულა არც გეგმური შემოწმება.

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რუხის ფილიალი 2020 წლის აპრილში გაიხსნა. 2014 წლის ოქტომბერში დაწყებული საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველი განცხადებით, ის 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა და მშენებლობა დაზუსტებული პროექტით გაგრძელდა.

დღევანდელი მდგომარეობით, რუხის კლინიკაში 180 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათგან 35 - რეანიმაციულ განყოფილებაში.

XS
SM
MD
LG