ორშაბათდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, ამის შესახებ საკოორდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
„შემთხვევით შერჩევის პრინციპით „ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს“, - განცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, ლატარია ყოველდღე გათამაშდება წლის ბოლომდე, კვირაში ერთხელ იქნება შემაჯამებელი გათამაშება, ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს მოეწყობა და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.
"გათამაშება შედგება ყოველდღიურად, „ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამოვლინდება გამარჯვებულად იმ კონკრეტულ დღეს, შესაბამისად, შეატყობინებს ამ ადამიანს და გადასცემს პრიზს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მხოლოდ საბოლოო გათამაშება იქნება ლოტოტრონის პრინციპით, სხვა ტექნიკურ დეტალებზე "ლატარიის კომპანია" გააკეთებს განცხადებას.
გიორგი ღიბრაძის თქმით, ლატარიაში მონაწილებას მიიღებს ერთჯერადად აცრილი მოქალაქეც.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 262 ადამიანი.
15 მარტიდან გაკეთებულია 1 340 062 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 29.8%. სრულად ვაქცინირებულია 489 194 - მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.
საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.