არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებისგან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას ითხოვს და ვრცელ წერილში შეშფოთებასა და იმედგაცრუებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობა იმ დონემდე, რომ სკოლების გახსნა შესაძლებელი ყოფილიყო. „ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას“, - აღნიშნულია წერილში, რომელშიც მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში დაწესებული შეზღუდვების გამო და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ახლავს ბავშვების იზოლაციას და ბაღებისა და სკოლების დაკეტვას. "მშობლები განათლებისთვის" მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ თითქმის ორი წელია მშობლებსა და ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში უწევთ ცხოვრება:
„ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით. იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერნეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე. მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა,” - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებისა და გონივრული მართვის შემთხვევაში, სკოლების დახურვის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო.
"გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ მხოლოდ შეზღუდვებზე და არა იმაზე, როგორ მუშაობენ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა ამისთვის, რა შედეგებს მიაღწიეს და რა არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ჩვენ ვშიშობთ, რომ 15 სექტემბრიდან და 4 ოქტომრის შემდეგაც დავდგებით ნაცნობი დამღუპველი სცენარის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მშობლები მთავრობას ბავშვის განვითარებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შეახსენებენ და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ დაჩქარებულ ვადებში უნდა შეიმუშაოს მოდელი, რომელიც ნათელს გახდის კრიზისიდან გამოსვლის გზებს და ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას.
"მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა", - ნათქვამია განცხადებაში.
რეკომენდაციები, რომლითაც „მშობლები განათლებისთვის“ მიმართავს მთავრობას, 12 პუნქტისგან შედგება:
- სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში.
- დანერგოს დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში და შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ცალკეული სკოლა, რომლის მიხედვითაც შეფასდება რისკები და მიიღება გონივრული გადაწყვეტილებები.
- დაუყოვნებლის დაადგინოს და გამოაქვეყნოს უსაფრთხოების ის ნორმები, სახელმწიფომ უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მშობელთა ჩართულობა-მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
- ინდივიდუალურად სკოლებმა ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალიზაციის პროცესს.
- I და XII კლასებისთვის გამონაკლისის დაშვება და მათთვის სკოლის შენობების გახსნა.
- გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად.
- სწავლის დაწყებამდე შემუშავდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული სტრატეგიები
- სახელმწიფომ შეამციროს ციფრული უთანასწორობა და 50400 ბავშვი, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ტექნოლოგიებზე, არ დატოვოს განათლების მიღმა.
- ბაგა-ბაღებში შემუშავდეს ფიზიკური/გონებრივი/სოციალური განვითარებისთვის საჭირო ღია სივრცეზე მორგებული აქტივობები;
- დაეხმაროს სახელმწიფო შშმ და სსსმ ბავშვებს უწყვეტად მიუწვდებოდეთ ხელი თერაპიულ მომსახურებაზე, დღის ცენტრებზე, სკოლებში გახსნილ რესურს ოთახებზე. Online სწავლებაში ჩართული შშმ და სსსმ ბავშვებს მშობლის მოთხოვნის საფუძველზე დაენიშნოთ პირადი ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში.
- გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან მუშაობისთვის.
„მშობლები განათლებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ზემოთ აღწერილი მოკლევადიანი გეგმის შესრულება 15 სექტემბრამდე შეუძლებელი იქნება, მშობლები თანახმანი არიან, სკოლის დაწყების თარიღმა ოქტომბერში გადაინაცვლოს.
„წინა სასწავლო სემესტრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაუაზრებლად და დაუგეგმავად დაწყებულმა ე.წ. ონლაინ სწავლებამ მნიშვნელოვანი დანაკარგები მოგვიტანა. მნიშვნელოვანია, რომ იგივე არ განმეორდეს და სასწავლო წელი დაიწყოს გვიან, მაგრამ სწავლის შედეგები წინასწარ იყოს გათვლილი და მასალაც ადაპტირებულად მიწოდებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, იგივე რეგულაცია შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იქნება დიფერენცირებული მიდგომა. იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა 4 ოქტომბრის შემდეგ განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში; სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, იქ გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში, მშობლებს ფორმატის არჩევის საშუალება კვლავ ექნებათ.