Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ (არ) წავალთ მოსკოვში?


1990 წელს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან თავის დახსნას ცდილობდა, აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა სტატია „ჩვენ არ წავალთ მოსკოვში“, რომლის სათაურად ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერს გამოყენებული ჰქონდა პერიფრაზი ცნობილი გამოთქმისა: „ჩვენ არ წავალთ კანოსაში“.

კანოსა პაპების რეზიდენციაა ალპებში, სადაც 1077 წელს გერმანიის მეფე ჰაინრიხ IV პატიების სათხოვნელად ეახლა რომის პაპ გრიგოლ VII-ს.

1872 წლის 14 მარტს კი გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა გერმანელ ერს გამოუცხადა, „ჩვენ არ წავალთ კანოსაშიო“, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანია აღარავის უზენაესობას არ ცნობდა, რომ იგი იყო თავისუფალი.

„შორს არ არის ის დღე, როცა ქართველმა ხელისუფალმაც უნდა თქვას: ჩვენ არ წავალთ მოსკოვში“, - წერდა 30 წლის წინ აკაკი ბაქრაძე.

და მართლაც, დიდი ძალისხმევისა და ბევრი სისხლის ფასად, დადგა დრო, როცა საქართველომ მკაფიოდ და ხმამაღლა თქვა, რომ არ წავიდოდა მოსკოვში, მეტიც, თქვა, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იყო, სად წავიდოდა და საით ივლიდა მისი სამშობლო.

ასე დაიწყო საქართველოს სვლა დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ევროკავშირისკენ; დაიწყო საკუთარი ნებითა და დამოუკიდებელი არჩევანით, ევროკავშირის ქვეყნების დარწმუნებით, რომ ბრიუსელში საქართველოს „ჩასვლა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის.

სწორედ ამ დარწმუნებისა და საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, ორიოდე წელში კი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა, რომ საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის.

საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ, ირაკლი კობახიძის პირით, სულ რაღაც ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს განაცხადეს, რომ წევრობის განაცხადი 2024 წელს გაკეთდებოდა.

“ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”, - თქვა ირაკლი კობახიძემ, 2020 წლის 2 ოქტომბერს.

მაგრამ, როცა საქმე მართლა პირობების შექმნისთვის პირობების შესრულებაზე მიდგა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა თავის „ისტორიულ განცხადებაში“, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ურთიერთობა, რომელიც ლამის 30 წელსა და, ჯამში, 2 მილიარდ ევრომდე დახმარებას ითვლის, უკიდურესად გართულდა.

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა იყო დამატებით 75 მლნ ევროს მისაცემად საქართველოსთვის.

საქართველოს მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი ითხოვს, „საქართველოში სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და თვითკმარი ორგანიზმი“, როგორიც ის, თითქოსდა, ახლა არის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და 75 მლნ-იან სესხზე უარის თქმის კონტექსტში, ახსენა საქართველოს „სუვერენული უფლება“:

„ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ინტერესებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმედ არ დააწვება...“

საქართველოს „სუვერენული უფლება“ და „სუვერენული დემოკრატია“ არ უხსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკის პასუხად განაცხადა: "ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“.

ერთი კვირით ადრე თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც შეახსენა ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ესტონეთის პრეზიდენტს, რომ მიეხედა თავისი ქვეყნისთვის.

„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად“. - განაცხადა მაშინ კერსტი კალიულაიდმა, რაზეც კახა კალაძემ თქვა:

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი.“

საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეც ამბობს, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას.

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერბალურად კვლავ ძველ, წლების წინ არჩეულ გზას ადგას, საქმით კი ყოველდღიურად შორდება ბრიუსელს და, შესაბამისად, ბევრს ეჩვენება, რომ უბრუნდება კიდევ უფრო ძველ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას, რომელზეც, ხან ძალით და ხანაც დაყვავებით, ცდილობენ საქართველოს დაბრუნებას. ახლაც, როცა უკიდურესად გაცივდა თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „თუ საქართველოს სურს რუსეთთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტშიო.“

ევროკავშირის ლიდერთა ბოლო დროს გახშირებული კრიტიკა, ბრიუსელის მიერ შეთავაზებულ რეფორმებზე უარი, ბელორუსის КГБ-სთან თანამშრომლობა, ევროკავშირის დროშის გახშირებული ხელყოფა, პუტინისტური და ანტიდასავლური ძალების დაუსჯელი ძალადობრივი თარეში თბილისის ქუჩებში და სხვა არაერთი ფაქტორი, ბევრს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლა აპირებს გზის გამოცვლას და, კვლავ აკაკი ბაქრაძეს რომ დავესესხოთ, „მოსკოვში ჩასვლას.“

თუმცა შედარებით ოპტიმისტებს შეუძლიათ კონსტიტუციას მოეჭიდონ. საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი ხომ კონსტიტუციით არის გარანტირებული. მართლაც, კონსტიტუციის 78-ე მუხლი „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, გვეუბნება, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

მაგრამ, ისიც ვიკითხოთ, რა შეუძლია მხოლოდ კონსტიტუციას, თუ ხალხი და სახელმწიფო ინსტიტუტები პარალიზებული იქნებიან?

აქ კონსტიტუციასთან დაკავშირებული ორი, ძველი და შედარებით ახალი ამბავი შეგვიძლია გვიხსენოთ.

პირველსა და ძველს სტალინის 1936 წლის კონსტიტუციასთან მივყავართ. ზეპირი ისტორიის თანახმად, კონსტიტუციის ავტორს შუამავლის საშუალებით დაკავშირებია ძველი ნაცნობი, ცნობილი იურისტი და შენიშვნების გასაზიარებლად შეხვედრა უთხოვია. სტალინის უარი შემოუთვლია:

„გადაეცით ჩემ ძველ ნაცნობს, თუ იგი ფიქრობს, რომ მე კონსტიტუციის მიხედვით ვაპირებ ქვეყნის მართვას, ბრიყვი ყოფილა და რა აზრი აქვს ბრიყვთან საუბარს? თუ მან იცის, რომ მე კონსტიტუციის მიხედვით არ ვაპირებ ქვეყნის მართვას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია კონსტიტუციაში?“

მეორესა და შედარებით ახალ ამბავს კი ანაკლიის ვერ აშენებულ პორტთან მივყავართ. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის VII მუხლი გვეუბნება, „ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (გეზ), სადაც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმიო“, მაგრამ ისიც ვიკითხოთ, სად არის ანაკლიის გეზ-ი, რომელზეც ოფიციალური უარი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, თუმცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ანაკლია ლოკალურ გეოგრაფიულ წერტილად დარჩენილიყო.

ძველი და შედარებით ახალი ეს ორი ამბავი რომ შევაჯამოთ, გვაქვს საფუძველი ვიკითხოთ: კონსტიტუციით დაცული ბრიუსელისკენ მიმავალი გზა, ასევე კონსტიტუციით დაცული ანაკლიის გეზ-ის ბედს ხომ არ გაიზიარებს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG