საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმიდან მეორე დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა.
"შესაძლოა, ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმედ არ დააწვება... ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის...
საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსის შეუქცევადობასთან დაკავშირებით...", - განაცხადა ზალკალიანმა.
გუშინ, 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ის გადაწყვეტილების ახსნის დროს ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.
"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა.