საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა უფრო გაძლიერდა, უფრო თანამედროვე და განვითარებული გახდა. მან ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის წარდგენის დროს მოსახლეობას უთხრა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნებოდა, მათი პარტია ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო.
"ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ბოლო რვა წელში, შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად, ჩავატარეთ 7 დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და შედეგად ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თანამედროვე და განვითარებული. რა თქმა უნდა, ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი საქმე გაკეთდა, ბევრი მიმართულება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ ბევრ საქმეს სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ხალხი - მმართველი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და რეალურ საქმეს გააკეთებენ და, მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“", - თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ, 31 აგვისტოს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ის გადაწყვეტილების ახსნის დროს ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.
"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა.