Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე: მე თქვენ ვეღარ მომკლავთ


შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, რომლის მოსყიდვის ბრალდებით გუშინ, 30 აგვისტოს "ექსკლუზივნიუსის" რედაქტორმა ვიდეომასალა გაავრცელა, ჩანაწერებს მისი გაშავების მცდელობად აღიქვამს. ვიდეოკადრებში, რომლის გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ გადასცემს ფურცელს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს.

ვიდეოჩანაწერი რამდენიმეწამიანია, არ ისმის ხმა, არ ხდება შეხვედრის ადგილისა და დროის იდენტიფიცირება.

"ექსკლუზივნიუსის" ინფორმაციით, სარალიძე მოისყიდეს. გამოცემის რედაქტორი ირწმუნებოდა, რომ მან სარალიძის მოსყიდვის სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის, ვიდეომასალა. მისი მტკიცებით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი.

"2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ მკვლელები დაიჭირეს და ნაცაქტივმა გადაუარა...​

ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი, ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვინც ადამიანურად მიმიღო და მიიღო ჩემი ოჯახის ტკივილი, როცა მუხლდაჩოქილი ვიხვეწებოდი დახმარებას და ოცნების დეპუტატები მხრებს იჩეჩავდნენ და მარტო კანონების ენით მელაპარაკებოდნენ, რომელ კანონშიდაც ვერც მოკლული და ვერც ცოცხალი შვილის დასაცავი მექანიზმი ვერ ვნახე, კანონი მხოლოდ თქვენი, ელიტის წარმომადგენლების დასაცავად ყოფილა", - წერს ზაზა სარალიძე ფეისბუკზე.

სარალიძე ეჭვობს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა პარლამენტის მოქმედი წევრის, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება:

"როგორც ვხედავ, აქ ალეკოს გასაშავებლად იბრძვით, მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამათეთრებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემს შვილთან ერთად და მკვდარი გინდა გააშავე, გინდა გადაუარე... პ.ს. ამ დროს 2018 წელს ალეკო გენინსპექციის უფროსი იყო და ზვიად კუპრავას ჰკითხეთ, ვისი გვარებიც წერია მაგ კონვერტში, უკეთ ეცოდინება იმ პოლიციელების გვარები, ვინც დაისაჯა მისი სასამართლოს ვითომ შეურაცხყოფის გამო", - აცხადებს ის.

ხოჯევანიშვილის თანაგუნდელი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ზაზა სარალიძესთან მსგავსი შეხვედრები იმართებოდა.

"ეს ეხება პერიოდს, როგორც ბატონმა ზაზამაც გაუსვა ხაზი, 2018 წელს, როცა ბატონი ზაზა სარალიძე იყო დაზარალებულის უფლებამონაცვლე და ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ვაწარმოებდით გამოძიებას, [შევხვდით]... ამ ბრალდების გაჟღერება მოხდა იმის გამო, რომ ლაფში ამოესვარათ შვილმკვდარის სახელი და, მეორე მხრივ, დისკრედიტაცია მოეხდინათ გახარიას გუნდის", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

ვიდეომასალა, რომელიც ხოჯევანიშვილისა და სარალიძის შეხვედრის ფრაგმენტს ასახავდა, მას შემდეგ გავრცელა "ექსკლუზივნიუსის" რედაქტორმა, რაც სარალიძემ მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტი დაწერა.

XS
SM
MD
LG