სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დაზვერვის ოფიცრისა და დაჯგუფება "ვაგნერის" წევრის, კირილ კრივკოს საქართველოში ყოფნის შესახებ. სუს-ი ამტკიცებს, რომ კირილ კრივკო საქართველოში ახლა არ იმყოფება, თუმცა ადასტურებს, რომ ის შემოსული იყო 2019 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე და უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო.
"საქართველოში არ იმყოფება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება, ასევე, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან, ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან", - ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი საბედაშვილი. ის ასევე აღნიშნავს, რომ "ვაგნერის" მებრძოლები არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ახერხებენ შესვლას. საბედაშვილი ირწმუნება, რომ კრივკო, რომელიც ინდეტიფიცირებულია სუს-ის მიერ, საქართველოში შემოსვლას ვეღარ მოახერხებს.
ინფორმაცია "ვაგნერის" მებრძოლის შეცვლილი გვარ-სახელით საქართველოში ყოფნის შესახებ ერთი კვირის წინ გაავრცელა მოხალისეების საერთაშორისო პლატფორმამ InformNapalm, რომელიც რუსეთის ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ამ ინფორმაციის თანახმად, კირილ კრივკო, რომელიც იბრძოდა უკრაინასა და სირიაში, ფლობს კომპანიებს საქართველოსა და ყაზახეთში შეცვლილი გვარ-სახელით.
"2019 წელს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და აღნიშნულმა პირმა დატოვა ტერიტორია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მსგავსი დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გრუ-ს თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე კირილ კრივკო დონბასში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. 2015 წელს ის უკრაინაში დაიჭრა, 2016 და 2017 წლებში, როგორც "ვაგნერის" მებრძოლი, სირიაში იბრძვის. ყველაზე გვიან, 2017 წლის ოქტომბერში მან გვარი და სახელი შეიცვალა. სოციალური ქსელებში აქტივობების მიხედვით კი საქართველოში 2019 წელს ცოლთან ერთად იმყოფებოდა. კომპანია "სამშენებლო სერვისი საქართველო" მას თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე აქვს რეგისტრირებული.
"რუსეთის დაზვერვა მსგავს ტაქტიკას ხშირად მიმართავს: კომერციულ სტრუქტურებს ქმნის, ბიზნესმენებად ფუთავს დაზვერვის ოფიცრებს, აგზავნის კონკრეტულ ქვეყნებში, რათა მათ ადგილზე შეაგროვონ ინფორმაცია და დააფინანსონ პრორუსული ძალები", - წერს ფეისბუკზე ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევარი.
„ვაგნერი“ - ესაა არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და იურიდიული პირების რეესტრში. რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა.
„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.
2021 წლის მარტში „ვაგნერს“ უჩივლეს სირიაში ჩადენილი წამებისა და მკვლელობებისთვის.