როცა 29 ივლისს ბელარუსში, მინსკის მახლობლად, ჩატარდა რუსეთის 33 დაქირავებული მეომრის დაკავების ხმაურიანი ოპერაცია, ხელისუფლებამ ეს ინციდენტი სწრაფად დააკავშირა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-მ განაცხადა, რომ ეს პირები, რომელთაგან ათეულობით შესაძლოა ჯერაც არ არის გამოვლენილი, ბელარუსში იმყოფებოდნენ „არჩევნების წინ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის“.
მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს უფრო კომპლექსურ სცენართან, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ საკუთარი თავისთვის მოსახერხებელი შესაძლებლობა გამონახა მზარდი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებისთვის. წლევანდელ არჩევნებში ლუკაშენკა მეექვსე ვადით იყრის კენჭს.
30 ივლისს ბელარუსის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები. ბელორუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერი კარბალევიჩი მიიჩნევს, რომ ეს პირველ რიგში მიმართულია მინსკში 31 ივლისისთვის დანიშნული ოპოზიციის დემონსტრაციის წინააღმდეგ.
როგორც მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, ქალაქში იმუშავებს საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომლებშიც პოლიცია ყველას გულდასმით გაჩხრეკს.
„ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ მკვეთრად შეიზღუდოს დემონსტრაციაზე დამსწრეთა რიცხვი და მთლიანობაში მნიშვნელოვნად დააბრკოლოს საპროტესტო ტალღა, ვინაიდან ხელისუფლება მართლა შეშფოთებულია მისი მასშტაბით“, ამბობს ის.
ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლება ამას საპროტესტო ტალღის გასანელებლად აკეთებს.
"მკაფიო სიგნალი"
ბელორუსი ეკონომისტი და პოლიტიკური მიმომხილველი სიარჰეი ჩალი ფიქრობს, რომ ლუკაშენკამ შესაძლოა სცადოს ოპოზიციის დაკავშირება სავარაუდო რუსულ შეთქმულებასთან, რათა გაამართლოს რეპრესიები.
„გარდა ამისა,“ ამბობს ჩალი, „ეს მკაფიო სიგნალია დასავლეთისთვის, რომ თუკი აქ რამე სერიოზული მოხდება „სისხლიანი კვირა დღის“ მსგავსად [დემონსტრაციის ძალადობრივი ჩახშობა 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ], უნდა ახსოვდეთ, რომ [ლუკაშენკა] იბრძვის არა უბრალოდ შიდა ოპოზიციის, არამედ რუსეთის მიერ ინსპირირებული გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ.“
მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ისმის კითხვა: რა ესაქმებოდათ დაკავებულ რუსებს ბელარუსში?
ბელარუსის მედიის თანახმად, 22-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები. ბელარუსის ტელევიზიით ნაჩვენები პასპორტები და სხვა დოკუმენტები ამ ვერსიას ამყარებენ, მიიჩნევს რუსი ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი, რომელიც იკვლევს რუსი დაქირავებული მეომრების საქმიანობას უცხოეთში.
„მათი უმრავლესობა ჩვენთვის ცნობილია“, ამბობს ლევიევი. „ინტერნეტში ისინი იძებნებიან, როგორც „ვაგნერის ჯგუფის“ მეომრები. ზოგი მათგანი „ვაგნერამდეც“ იბრძოდა დონბასში. შემდეგ ისინი „ვაგნერში“ გაწევრიანდნენ და იყვნენ სირიაში, ზოგი მათგანი - ლიბიაში. ახლა კი რაღაც სხვა საქმეზე მიემართებიან.“
„ვაგნერი“ არის რუსეთში უკანასკნელ ათწლეულში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი გასამხედროებული კომპანია. მიიჩნევა, რომ მას აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის თანამებრძოლი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ოდესღაც პუტინის მზარეული იყო.
მთელი რიგი გამოძიებები ადასტურებს „ვაგნერთან“ პრიგოჟინის კავშირებს, მაგრამ თავად პრიგოჟინი ამას უარყოფს.
მიიჩნევა ასევე, რომ პრიგოჟინმა შექმნა და დააფინანსა „ინტერნეტის კვლევითი სააგენტო“, ე.წ. ონლაინ „ტროლების ფაბრიკა“, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება ბრალს სდებს პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით.
„ვაგნერის“ ოპერაციები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ დაქირავებული მეომრების საქმიანობა იკრძალება რუსეთის კანონმდებლობით, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ, როგორც ვარაუდობენ, ჯგუფი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მჭიდრო კავშირში მოქმედებს.
გასაიდუმლოებული ოპერაციები
„ვაგნერის“ მეომრები დაფიქსირებული არიან უკრაინაში, სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და ლიბიაში.
რუსეთის ხელისულება უარყოფს კერძო გასამხედროებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებულები მისიით იმყოფებოდნენ ბელარუსში. ჯერ ერთი, ისინი მინსკის მახლობლად კურორტზე იყვნენ და გასამხედროებული ტანსაცმელი ეცვათ. მეორე მხრივ, ეს არ არიან სპეცოპერაციების ძალები ან საიდუმლო აგენტები.
„ეს არიან მებრძოლები, სამხედრო მოქმედებების რეალური მონაწილეები,“ ამბობს ჩალი. „ადამიანები, რომლებიც გაწვრთნილი და აღჭურვილი არიან სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად. ისინი არ გამოიყენებიან დივერსიული ან რაიმე სახის ტერორისტული აქტებისთვის. მათ სრულიად სხვა ამოცანა აქვთ.“
ლევიევის თქმით, იმის ყველაზე სავარაუდო ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ „ვაგნერის“ წევრები ბელარუსში, ისაა, რომ ფირმა მინსკს იყენებს სატრანზიტო პუნქტად, ვინაიდან კორონავირუსის გამო რუსეთმა მკვეთრად შეზღუდა კომერციული საჰაერო კავშირი.
„აქედან, რუსეთიდან, ვერ გაფრინდებით სტამბოლში, მაგრამ მინსკიდან შეგიძლიათ ეს,“ ამბობს ლევიევი. „სტამბოლიდან კი შეგიძლიათ სირიაში, ლიბიაში, სუდანში და ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენა“.
ბელარუსის მედიამ აჩვენა, რომ მეომრებს აქვთ უცხოეთში სამოგზაურო პასპორტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ რუსეთიდან ბელარუსში ჩასასვლელად. გარდა ამისა, თან ჰქონდათ სუდანური ვალუტა და სუდანური SIM ბარათები.
თუმცა, შესაძლოა, სუდანი სულაც არ იყო ჯგუფის მოგზაურობის საბოლოო მიზანი. რადიო თავისუფლებამ 2019 წლის თებერვალში დაადგინა, რომ კომპანია M-Invest-მა, რომელსაც პრიგოჟინი აკონტროლებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ტრანსპორტის სფეროში.
რადიო თავისუფლება ასევე 2019 წელს იტყობინებოდა რუსეთის საიდუმლო საჰაერო რეისების შესახებ სუდანსა და ლიბიას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკამ რუსეთისგან საჯაროდ მოითხოვა ახსნა-განმარტება ბელარუსის ტერიტორიაზე დაქირავებული სამხედროების ყოფნის შესახებ, ანალიტიკოსების აზრით, ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკმა არ იცოდა, რას აკეთებდა იქ „ვაგნერი“.
„თუკი ბელარუსი მართლაც სატრანზიტო დერეფნად გამოიყენება, ვფიქრობ, ეს პირველად არ უნდა ხდებოდეს“, ამბობს კარბალევიჩი.
თუმცა, მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ მინსკი ბოლომდე არ იყო ინფორმირებული ამ კონკრეტული ჯგუფის შესახებ:
„შესაძლოა, მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ვინაიდან არსებობს შეთანხმება, შეიძლება არ იყოს აუცილებელი ყოველი ჯგუფის შესახებ განცხადება, ყველა ადამიანის ვინაობის გამჟღავნება. ეს დასაშვებია.“
კარბალევიჩი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ ლუკაშენკა ამ ინციდენტს საგანგებო ვითარების გამოსაცხადებლად ან 9 აგვისტოს არჩევნების გადასატანად გამოიყენებს.
„აზრი არა აქვს ამ პოლიტიზებული პროცესის გაჭიმვას კიდევ ექვსი თვით ან ერთი წლით,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ასე რომ მოხდეს, ქვეყანა ნახევარი წლის განმავლობაში იქნებოდა დაძაბულ, პოლიტიზებულ მდგომარეობაში. და მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად არ სურს ლუკაშენკას.“
„ის ოცნებობს, რაც შეიძლება მალე მოამთავროს ეს ყველაფერი. ოცნებობს, რომ 9 და 10-მა აგვისტომ სწრაფად ჩაიაროს და მიიღოს თავისი ხმების 80%. და ნებისმიერ საპროტესტო გამოსვლებს საკუთარი უშიშროების ძალებით გაუმკლავდება.“