Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცებ დამძიმდა - ამბობს მერაბ ჩიქოვანი საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე


"ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია", - განაცხადა ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის, 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

საველე ჰოსპიტლის ექიმის განცხადებით, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისა, ის ვერ გადაარჩინეს:

„პაციენტი იმყოფებოდა ჰაიფლოუ სისტემის აპარატზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმება განისაზღვრება კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. მისი ახლობლები იყვნენ ახალი მოსულები, ჩავაყენეთ საქმის კურსში და შემდგომ უკვე მოხდა ეს ფაქტი. უცებ დამძიმდა, თუმც კი პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის. მას მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობის ჟანგბადი. გულის გაჩერების შემდეგ რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო“.

მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პაციენტი არ იყო ვაქცინირებული.

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში გუშინ, 28 აგვისტოს გარდაიცვალა. მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, სტაციონარში მკურნალობას 87 პაციენტი აგრძელებს.

27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თბილისში, დიღომში გახსნილი საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე პაციენტების მიღებას აჩერებს.

"დღეს, რადგან ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება, ამ ეტაპზე, ამ ჰოსპიტლის საჭიროება იხსნება. ვფიქრობ, ჰყოფნის საავადმყოფოს საწოლები. ეს არ წყვეტს ფუნქციონირებას, დარჩება მზადყოფნის რეჟიმში, თუ ამის საჭიროება დადგა", - ასე ახსნა მიღებული გადაწყვეტილება ამირან გამყრელიძემ.

XS
SM
MD
LG