Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია: პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა


ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციამ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ფეისბუკით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან ინტენსიურად ჩართულია პანდემიის მართვაში, რაც, გარდა თითოეული წევრის ინდივიდუალური პროფესიული და აკადემიური აქტივობისა, საზოგადოებისა და ექიმების ინფორმაციულ მხარდაჭერასა და უწყვეტ საგანმანათლებლო აქტივობაში გამოიხატება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის მიერ ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალური ინსტიტუციების, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ჩატარდა ვაქცინაციის მხარდამჭერი არაერთი ვებინარი, საჯარო დისკუსია და აქცია.

ასოციაცია პატივს სცემს თითოეული წევრის განსხვავებულ მოსაზრებას და აქვე განმარტავს, რომ მმართველი საბჭოს უმრავლესობის ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია გამოიხატება შემდეგში:

პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა;

დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი დრამატულად აღემატება ნებისმიერ თეორიულ, შორეულ, პოტენციურ ზიანს.

არსებობდა გარკვეული მოსაზრება ვაქცინების მოსალოდნელ არასასურველ ეფექტთა საფრთხეებზე, რაც დღეს ადმინისტრირებული 5 მილიარდზე მეტი ვაქცინის და ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე სრულიად ნიველირდა და ყველა კითხვას ამ მიმართულებით გაეცა მეცნიერულად დასაბუთებული, მყარი პასუხი;

ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების, ასევე თეორიული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამოყენებული კოვიდ- ვაქცინები არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას.

ასოციაცია ემხრობა თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებას და ამავდროულად, გამოთქვამს ნებას და სურვილს, სამეცნიერო- პრაქტიკული დისკუსიები წარიმართოს პროფესიულ წრეებში, რათა შინაარსისა და მიზნის შესაძლო არასწორი აღქმით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც, მრავალი მიზეზით განპირობებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება."

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია 2020 წლის ბოლოს დააარსა 19-მა ექიმმა. ასოციაცია აერთიანებს სამედიცინო სფეროს მუშაკებს, რომლებიც საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასოციაციის მიზნებს შორისაა ექიმებისა და პაციენტების უფლებების დაცვა, ასევე, რეკომენდაციების შემუშავება COVID-19-თან ეფექტური ბრძოლის კუთხით.

XS
SM
MD
LG