Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველს დაეყრდნო „იმედი“


კადრი უფასო პოლიტიკური რეკლამიდან, რომელიც "იმედმა" არ გაუშვა
კადრი უფასო პოლიტიკური რეკლამიდან, რომელიც "იმედმა" არ გაუშვა

"უარს სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, რაც „იმედს“ თავის წერილში არ განუმარტავს“- ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ტელეკომპანია "იმედის" გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა "ევროპული საქართველოსთვის" პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე.

მიზეზების დასადგენად, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოითხოვა ის წერილი, რომელიც ევროპულ საქართველოს ტელეკომპანიამ გაუგზავნა. რეკლამის არ გაშვების დასაბუთებისას, კომპანიამ განაცხადა, რომ რეკლამა შეიცავდა სიძულვილის ენას და იყო შეურაცხმყოფელი. თუმცა, როგორც ნიკა სიმონიშვილი განმარტავს ეს არ არის იურიდიული დასაბუთება და საკანონმდებლო ტერმინი, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული „სიძულვილის ენის“ დეფინიცია.

"ევროპილი საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია
"ევროპილი საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, იმედის გადაწყვეტილება არის კანონის უხეში დარღვევა და ტელეკომპანია "იმედი", იყენებს სიძულვილის ენის საბაბს პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად. „კანონი ავალდებულებს ყველა ტელევიზიას პოლიტიკური ცენზურის გარეშე გაუშვან ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამა.". -ამბობს გიგა ბოკერია „იმედის“ გადაწყვეტილებით კმაყოფილია პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ძალიან კარგია, ასევე ეს არის დადასტურება პირდაპირ იმისა, უსმინეთ მათ ტელევიზიას და პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ჩვენ ყველაფერს იმას, რასაც თვითონ სჩადიან, სჩადიოდნენ ფიზიკურად, ასევე ახლა ვერბალურად, ძალადობა, ზიზღი და აგრესია მათგან მომდინარეობს.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი სიმონიშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ რეკლამაში გაჟღერებული ინფორმაცია, სადაც პარტია ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციულ მმართველობაზე საუბრობს, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ნორმებში.

ნიკა სიმონიშვილი - საიას თავმჯდომარე
ნიკა სიმონიშვილი - საიას თავმჯდომარე

-„ კლიპში გაჟღერებული ეპითეტები- კორუმპირებული და მოღალატე - ეს არის პოლიტიკური შეფასება და საარჩევნო კოდექსი უშვებს იმას, რომ ერთი პარტიის მიერ სხვა პოლიტიკური სუბიექტის საწინააღმდეგოდ, ნეგატიურ კონტექსტში, იყოს გაკეთებული რეკლამა. რა თქმა უნდა ეს შეიძლება ოპონენტისთვის იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლების ნორმებში და პოლიტიკურ შეფასებას და მოსაზრების გამოხატვას კვალიფიციური პრივილეგია გააჩნია“.

სიმონიშვილის შეფასებით, კანონის ფართო განმარტების პირობებშიც კი ვერ ხედავს ორგანიზაცია, „ევროპულ საქართველოსთვის“ უარი თქმის მიზეზს. ევროპული საქართველო კი სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს.

XS
SM
MD
LG