Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მონაწილეობს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში


თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისით. ამის შესახებ საქართველოს მთავრობა იუწყება. მისი ინფორმაციით, დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია.

საქართველოს მთავრობის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებულ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო-სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ შეტყობინებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები ახორციელებენ ავღანეთიდან თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას და საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში.

კერძოდ, ქართული მხარე დათანხმდა საერთაშორისო ორგანიზაციების: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის(NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI), აზიის განვითარების ბანკის(ADB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის(WB) მიმართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით განთავსების პროცესში. საქართველოში მათი შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.

როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, "დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში".

მსოფლიოს ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, თანამშრომლების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება.

ავღანეთში იმყოფებოდა საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში მუშაობდნენ. მათი ევაკუაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. შეერთებული შტატების გეგმით, სექტემბრიდან ავღანეთში არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ იქნება.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

XS
SM
MD
LG