Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შესაძლოა საქმე იზოლაციისკენაც წავიდეს" - გია ხუხაშვილი ღარიბაშვილი-მიშელის აღქმებს აფასებს


ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეახსენა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოიწვევს.

ტექსტში ხაზგასმულია რეფორმების პროცესის გაგრძელების აუცილებლობაც. შარლ მიშელის პოსტი ტვიტერზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ის უკრაინაში შეხვდა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. თავის მხრივ, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელს ყველაფერი სიღრმისეულად აუხსნა და გააგებინა კიდეც. პარტიების ნაწილის მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა 28 ივლისს.

მიიჩნევს თუ არა დასავლეთი "შარლ მიშელის შეთანხმებას" ანულირებულად? რა შეიძლება მოხდეს, თუკი „ქართული ოცნება“ თავის პოზიციას არ გადახედავს? რა შემთხვევაშია მოსალოდნელი მწვავე რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან? რადიო თავისუფლებამ ექსპერტ გია ხუხაშვილს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

რადიო თავისუფლება: რას გეუბნებათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ტვიტი? რას მოასწავებს მისი სიტყვები?

შარლ მიშელმა თქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არ თვლის ანულირებულად და თუ დაფიქსირდა შეთანხმების ამა თუ იმ პუნქტის დარღვევა, საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება შეუწყდება.

ჩვენ ეს არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ მარტო რაღაც ფული აღარ შემოვა. ფული შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არც იყოს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყველაფერი ზვავის პრინციპით, დომინოს პრინციპით იწყებს მუშაობას.

როცა ერთი სანქციის მიღება ხდება, ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტნიორები და ფინანსური დახმარების შეჩერების ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სისტემური პრობლემები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ეს ძალიან პრობლემატური იქნება ხელისუფლებისთვის.

ვხედავთ, რომ, მაგალითად, ბალტიისპირეთში პრემიერის ტურნე გაურკვეველი დროით გადაიდო. პრობლემები იქნება მხარდაჭერის კუთხით და ასე შემდეგ.

რადიო თავისუფლება: და სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი? ფართოდ რომ შევხედოთ, მოიცავს ეს ქვეყნის იზოლაციის საფრთხესაც?

არ მინდა, რომ ჯერ ასეთი ხმამაღალი განცხადება გავაკეთო, მაგრამ - კი, რა თქმა უნდა, იზოლაციამდეც შეიძლება მივიდეთ.

თუ პროცესი იწყებს დეგრადირებას და არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს მის შესაჩერებლად, საბოლოო ჯამში, შესაძლოა საქმე იზოლაციისკენაც წავიდეს.

ამ პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ, თითქოს, კიდევ ერთხელ დაარწმუნა შარლ მიშელი თავის სიმართლეში. მგონი, ამათ ყველა იდიოტი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მარტო თვითონ არიან ჭკვიანები... თან ღარიბაშვილის რიტორიკული შესაძლებლობები რომ ვიცი, კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი...

ჩვენ ახლა ვართ ფასეულობათა სისტემის გზაგასაყარზე. ევროკავშირთან, დასავლეთთან ინტეგრაცია არ არის გეოგრაფიული პროცესი. ინტეგრაცია ფასეულობებზე დაყრდნობით ხდება ყოველთვის. არ გამოვა, რომ სიტყვით ვიყოთ დასავლეთთან და ფასეულობათა სისტემით - რუსეთთან.

ორგანოს გადანერგვა რომ სჭირდება ადამიანს, ორგანიზმმა რომ მიიღოს, ტრანსპლანტაციისთვის თავსებადობაა საჭირო.

რადიო თავისუფლება: მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა „შარლ მიშელის შეთანხმება“, თქვენ აღნიშნავდით, რომ საერთაშორისო პარტნიორების გაჩუმება არ არის იმის ინდიკატორი, რომ ისინი შეეგუებიან ამ ფაქტს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

სახელშეკრულებო სამართალი არ ცნობს დადებული ხელშეკრულების ცალმხრივ და უპირობო ანულირებას. კი ბატონო, შენ შეიძლება არ შეასრულო რაღაც პირობები, ხელშეკრულებიდანაც გახვიდე, მაგრამ შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადო. ასე უპირობოდ გავედი და არც არაფერი არ მოხდა, ასე არ არის... გასათვალისწინებელია, რომ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური თემა. მისი გარანტორია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელშეკრულების დონე საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლაც კი დგას.

რადიო თავისუფლება: და ამ ეტაპზე რატომ არ თვლის საჭიროდ მწვავე რეაგირებას დასავლეთი? ვნახეთ მწვავე განცხადებები და შემდეგ ეს ტალღა თითქოს შეჩერდა.

იმიტომ, რომ ამ შეთანხმების სამართლებრივი დარღვევის ფაქტი ჯერ არ დამდგარა. ეს ფაქტი დადგება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში ვერ გადალახავს 43%-იან ზღვარს და მაინც უარს იტყვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე.

თუკი ეს მოხდება, სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება შეთანხმების კონკრეტულად ამ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემები.

ბუნებრივია, შიდა პოლიტიკურ პრიზმაში ყველას შეთანხმების ეს პუნქტი გვაინტერესებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს შეთანხმება უკვე გახდა პრობლემა რეფორმების გატარების კუთხითაც.

საერთაშორისო პარტნიორები პერიოდულად შეგვახსენებენ, რომ არ თვლიან ამ შეთანხმებას ანულირებულად.

რადიო თავისუფლება: რა ეტაპზე მოელით მწვავე რეაგირებას?

რეაგირება არჩევნების შემდეგ იქნება.

თუკი დავაკვირდებით, დასავლეთისთვის დამახასიათებელია სასანქციო პოლიტიკის შემოღება არჩევნების შემდეგ. აღიარებულ ავტორიტარულ ქვეყნებში და დიქტატორულშიც კი, ბელორუსიის მაგალითზე რომ ვთქვათ, შემტევი სასანქციო პოლიტიკა ვიხილეთ არჩევნების შემდეგ.

კი, ისედაც ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ბელორუსიაში, მაგრამ დასავლეთმა მოქმედება არჩევნების შემდეგ დაიწყო. წყალგამყოფი ჩვენ შემთხვევაშიც არჩევნები იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG