Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუიციდი COVID-პაციენტებში - თვითმკვლელობის გახშირებული სტატისტიკა საქართველოში


საქართველოში, ბოლო 9 თვეში, სამმა კოვიდ-პაციენტმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ისინი კოვიდ-კლინიკების მაღალი სართულებიდან გადმოხტნენ. ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით 16 აგვისტოს დაასრულა, 70 წლის კაცი იყო. 20 აგვისტოს, სუიციდი სცადა 47 წლის კაცმაც, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ფანჯრიდან, მესამე სართულიდან გადახტა. „პაციენტის შეჩერებას მედდა ცდილობდა, თუმცა, ვერ მოახერხა“, - ასე უთხრეს რადიო თავისუფლებას კლინიკაში. მისი მდგომარეობა ახლა მძიმეა.

ოთხივე შემთხვევაში, მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებისთვის ფსიქიკური პრობლემები ან დეპრესიული განწყობა არ შეუნიშნავთ და მათთვის უცნობია, რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი.

როგორ იმართება კოვიდ-პაციენტების მენტალური ჯანმრთელობა საქართველოში?

ალექსანდრე გოგინავასთვის, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტია და რომელიც უკვე წელიწადზე მეტია კოვიდ-პაციენტებს მკურნალობს, არ არის უცხო პაციენტებისაგან მოსმენილი ფრაზები: „თავს მოვიკლავ“, „არ მინდა სიცოცხლე, მაინც ვერ გადავრჩები“, „აღარ შემიძლია, ამას მირჩევნია მოვკვდე“, „გადავხტები“ და ა.შ. ექიმმა კარგად იცის, რომ კოვიდი, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ეს პრობლემა მათ კოვიდით ინფიცირებულ პირველივე პაციენტებში შეამჩნიეს.

ალექსანდრე გოგინავა გვეუბნება, რომ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც უვლინდებათ დეპრესიული განწყობა, აღგზნებადობა და შფოთი, სპეციალისტები - ნევროლოგები და ფსიქიატრები ერთვებიან:

„ერთია კოვიდის გავლენა ნერვულ სისტემაზე და მეორე პაციენტების ფიზიკური მდგომარეობა. ადამიანებს უჭირთ სუნთქვა, ვითარდება ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა, რაც ასევე ხელს უწყობს აღგზნებას და სხვადასხვა ფსიქოემოციურ თუ ნევროლოგიურ დარღვევას. ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რადგან კოვიდ-პაციენტთან უნდა დავიცვათ ზომიერება, ანუ მას არ უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ის თავს იგრძნობს უმწეოდ ან ექნება პესიმისტური განწყობა, რადგან გამოჯანმრთელებაში დიდი წილი სწორედ პაციენტის განწყობას უკავია. და მეორე, ძალიანაც არ უნდა წავახალისოთ იმ კუთხით, რომ დაარღვიოს რეჟიმი, მოიხსნას ჟანგბადი, არ დაემორჩილოს სამედიცინო პერსონალს. ამიტომ ასეთ პაციენტებთან მუშაობა მოითხოვს საკმაოდ სპეციფიკურ მიდგომას და ცოდნას. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ თერაპიული ექიმი, ან ინფექციონისტი არ არის საკმარისი და პროცესში ერთვება ან ნევროლოგი, ან ფსიქიატრი. ეს ჩართულობა ძირითადად გულისხმობს სპეციფიკური მედიკამენტის შერჩევას. აქაც შეზღუდულები ვართ, რადგან დამამშვიდებელი პრეპარატები კოვიდის დროს სარისკო გამოსაყენებელია. უმრავლესობას აქვს სედაციის უნარი და არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება ისეთ პაციენტებთან, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აქვს, თუმცა, არსებობს სპეციფიკური მედიკამენტები და ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ფსიქოემიციური დარღვევა, არიან მიდრეკილი სუიციდისკენ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ქმედებისკენ, რა თქმა უნდა, მათთან ხდება როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ისე სპეციალისტებთან კომუნიკაცია“.

ნათია წინამძღვრიშვილი, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოლოგი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტებს კლინიკაში მკურნალობისას სერიოზული მენტალური პრობლემები შეექმნათ. ექიმი ამბობს, რომ კლინიკაში იყო სუიციდის მცდელობების ფაქტებიც. როგორც ექიმი აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებს სუიციდის მცდელობები ჰქონდათ ბინაზე მკურნალობისასაც.

როგორც ექიმი გვეუბნება, კოვიდ-პაციენტებში დეპრესიული განწყობა ამ ინფექციის თანმხლები მდგომარეობაა:

„დეპრესია პაციენტების უმეტესობას აქვს, ზოგს მსუბუქი, ზოგს საშუალო სიმძიმის. ასეთ დროს მკურნალობის პროცესში ვრთავთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც აპრობირებულია კოვიდ-ინფექციის დროს და რომლებიც ფსიქიატრებისა და ნევროლოგების მეთვალყურეობით ინიშნება. ანუ, პაციენტების მკურნალობაში ერთვება ანტიდეპრესანტები“.

რას ამბობს ფსიქიატრი?

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ეკა ჭყონია, პანდემიის დაწყების დღიდან ადევნებს თვალს როგორც კოვიდ-პაციენტების, ისე ზოგადად პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი მენტალური პრობლემების ჯაჭვს, ეცნობა ამ თემებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ ინფიცირების მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება კოვიდ-პაციენტებში დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის პროცენტული მაჩვენებელი.

ფსიქიატრის თქმით, გარდა თავად ვირუსის მოქმედებისა, რომელიც ნეიროტოქსიკურობით გამოირჩევა, კოვიდ-პაციენტებში დეპრესიულ გარემოსა და შფოთვითი სიმპტომატიკის გაღვივებას, ხელს უწყობს სოციალური ყოფის მნიშვნელოვანი ცვლილებაც:

„მოხდა ადამიანების იზოლაცია, მათმა ნაწილმა დაკარგა შემოსავალი, ყველა ეს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ძალიან მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე და როდესაც ამას თან ერთვის კოვიდიც, პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ვირუსის პანდემია, ეს არის ფსიქიკური პრობლემების პანდემია და გააფრთხილა ქვეყნები, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს არა მარტო კოვიდ-ინფიცირებულების ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ ზოგადად მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას“.

ეკა ჭყონია თვლის, რომ კოვიდ-პაციენტების მართვისას, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტების მენტალური ჯანმრთელობის გამოკვლევის პროცესს, რაშიც თავიდანვე უნდა იყვნენ ჩართულნი სპეციალისტები:

„ექიმებს, ფაქტობრივად, სიკვდილთან უწევთ ბრძოლა და ყველანი ვხედავთ, რომ უკიდურესი რესურსის ზღვარზე არიან. ამიტომ ექიმებს, მათ შორის, ოჯახის ექიმებს, რომლებიც, მაგალითად, ბინაზე მართავენ კოვიდ-პაციენტებს, არც დრო და არც კომპეტენცია აქვთ იმისა, რომ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ. ექიმებს არ აქვთ გავლილი არც შესაბამისი ტრენინგი და არც ვალდებულება აქვთ, რომ პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასონ. შესაბამისად, თუკი ადამიანს გამოხატული დეპრესია ან აშლილობა არ აქვს, ექიმი ვერ გამოავლენს ამ პრობლემას და ამიტომაც არის, რომ ვერ ხერხდება დროულად პრობლემის აღმოჩენა და პრევენცია და, შესაბამისად, გვაქვს სუიციდის შემთხვევები. კარგი იქნება, თუკი კლინიკებს დაემატება ფსიქოლოგის რესურსი, სპეციალისტი, რომელიც კოვიდ-პაციენტების ფსიქიკურ მდგომარეობას თავიდანვე შეაფასებს. თუკი შეფასებისას გამოვლინდება, რომ პაციენტს აქვს მნიშვნელოვანი მენტალური პრობლემები, მაშინ სხვა პროტოკოლი უნდა ამოქმედდეს მისი მკურნალობისთვის, რომ შემდეგ დაგვიანებული არ იყოს და სუიციდის მსხვერპლები არ ვითვალოთ“.

რას ამბობენ კვლევები კოვიდ-ინფიცირებულებში დეპრესიისა და სუიციდის შესახებ?

კოვიდით ინფიცირებული პაციენტების დეპრესიული მდგომარეობისა თუ სუიციდის მცდელობების შესახებ სამეცნიერო გამოკვლევები უკვე თვეებია ქვეყნდება. კოვიდ-პაციენტებში მენტალური პრობლემების შექმნის მთავარ მიზეზებად სახელდება როგორც თავად ინფექცია, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ასევე სოციალური იზოლაცია და სხვა ადამიანების ინფიცირების შიში. კიდევ უფრო მაღალია დეპრესიისა და პოსტტრავმული აშლილობის სინდრომის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებმაც ვირუსი მძიმე ფორმით გადაიტანეს. დეპრესია, შფოთი, უძილობა, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებთან გამკლავებაც კოვიდ-პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს უწევს.

ჩინეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომლის შესახებაც აშშ-ის მედიცინისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის ეროვნული ბიბლიოთეკა წერს, კოვიდის გადატანის შემდეგ, პაციენტთა 96,2%-ს პოსტტრავმული სტრესის სიმპტომები გამოუვლინდა. პუბლიკაციის თანახმადვე, სტრესთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის, დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი, ძილის მოშლა თუ კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, სუიციდის მცდელობის ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. კიდევ ერთი გამოკვლევის თანახმად, რომელიც ნევროლოგიური მეცნიერებების ჟურნალში 2020 წელს გამოქვეყნდა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე COVID-19-ის უარყოფითი ეფექტია მიზეზი იმისა, რომ პაციენტების 25%-ში ნევროლოგიური პრობლემები ვლინდება - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ეპილეფსიური შეტევა და სხვა.

აშშ-ის მედიცინისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის ეროვნული ბიბლიოთეკის (NCBI) საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, კოვიდ-პაციენტები, რომლებსაც დეპრესიული ფონი აღენიშნებოდათ, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ და სპეციალისტებთან გაიარონ დამატებითი გამოკვლევები. ამავე პუბლიკაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ბევრ მათგანს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს დეპრესიისა თუ სუიციდის მიმართ მიდრეკილების დასაძლევად.

XS
SM
MD
LG