Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი არ გამორიცხავს თალიბანის პოლიტიკურ აღიარებას


დავით სანაკოევი
დავით სანაკოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი უშვებს თალიბანის მოძრაობის პოლიტიკურ აღიარებას. მან ასეთი განცხადება გააკეთა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. ე.წ დეპუტატმა თალიბანის დაბრუნებას „ტრიუმფალური" უწოდა და ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა, მისი თქმით, გულისხმობს სამხრეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცის რადიკალურ ცვლილებას, რაც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ასევე კავკასიაზე.

„ალანიის სახელმწიფოს მიერ თალიბანის ცნობის საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გონივრულად და პრაგმატულად გამოიჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კვლავ აღიარებს თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. ასეა რუსეთშიც", - აცხადებს სანაკოევი. მისი აზრით, თუ რეზოლუცია შეიცვლება და რუსეთიც სხვაგვარად შეხედავს თალიბანს, საკითხი უკვე სხვა ჟღერადობას მიიღებს.

ოპოზიციონერმა ე.წ დეპუტატმა დავით სანაკოევმა გასულ წელს წამოიწყო პარლამენტის ბოიკოტი. ის 2012-2015 წლებში ხელმძღვანელობდა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით.

XS
SM
MD
LG