ბათუმის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერად კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე. საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად დასახელებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი, რომელიც კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის.
ოპოზიციური გაერთიანებიდან მაჟორიტარი კანდიდატები ასევე არიან: ბექა დიასამიძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ნაზი ფუტკარაძე („ნაციონალური მოძრაობა“), გენო თებიძე („ლელო საქართველოსთვის“), ნოდარ დუმბაძე („ნაციონალური მოძრაობა“), დიმიტრი დარჩია („დროა“), ნუგზარ ფუტკარაძე („ნაციონალური მოძრაობა“).
ბათუმში კანდიდატების დღევანდელი, ოფიციალური წარდგენის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. „პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით ერთ რამეზე, ერთმანეთს ხელი კი არ შევუშალოთ თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ერთად ვებრძოლოთ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“, - თქვა მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.