დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს არ ჩამოსცდა, სწავლის საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
„ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა სექტემბრის 15-ისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ - აცრების ინტენსიფიკაციამ, უნდა სერიოზულად შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში და თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე დაბლა, (დღეს გვაქვს 10%-ის ფარგლებში), მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
დღეიდან საქართველოში ისევ სავალდებულოა კორონავირუსისგან დამცავი ნიღბით ყოფნა ღია სივრცეშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოაცხადა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. ეს თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
საქართველო ამჟამად განიცდის კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღის დარტყმას. წინა ტალღებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.