დღეიდან საქართველოში ისევ სავალდებულოა კორონავირუსისგან დამცავი ნიღბით ყოფნა ღია სივრცეშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ადამიანი კუს ტბაზე, ან ლისის ტბაზე ვარჯიშობს, დარბის და მარტო იმყოფება, პირბადეს არავინ მოსთხოვს, თუმცა, ყველა სხვა შემთხვევაში, ღია სივრცეში ნიღბით ყოფნა სავალდებულოა.
ღია სივრცეში პირბადით ყოფნა სავალდებულო აღარ იყო 22 ივნისიდან. ამ აკრძალვის გაუქმების შემდეგ, დამცავი ნიღბის გამოყენების წესის დაცვა სავალდებულოდ დარჩა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მის გაჩერებებსა და სხვა ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრება ხდება.
ბოლო ხანს ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 10 აგვისტოდან სავალდებულო გახადა დამცავი ნიღბის გამოყენება ღია სივრცეში, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. დღეიდან, 17 აგვისტოდან ეს წესი ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაზე. უნიღბოდ ყოფნა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. ეს თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
საქართველო ამჟამად განიცდის კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღის დარტყმას. წინა ტალღებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.