კახეთში ავტომანქანაში მოკლული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაცხრილული პირები თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.
ამავე ინციდენტის მონაწილე კიდევ ორი პირი დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი.
„ორი მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მათ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, რომელიც დაუმუშავდათ და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ“, – განაცხადა თელავში მდებარე ყამბარაშვილის სახელობის კლინიკა ექიმმა რატი ტურაშვილმა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი, 46 წლის მამაკაცი სახლში, ხოლო 29 წლის მამაკაცი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.