Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პოლიტიკა კრიტიკის სამიზნეა, ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფონზე


თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის სწრაფად ხელში ჩაგდებამ - მას შემდეგ, რაც მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკავეს ტერიტორიები - გამოიწვია ავღანეთში აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. კრიტიკოსების თქმით, ვაშინგტონმა, მილიარდობით დოლარის დახარჯვის და ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დახმარების გაწევის მიუხედავად, ვერ შეძლო ავღანეთში შეექმნა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მეამბოხეების მოგერიებას მოახერხებდა.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება 15 აგვისტოს ქაბულის დაპყრობის და ავღანეთის მთავრობის დამხობის შესახებ, თუმცა მისი ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები აღიარებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების კოლაფსის სისწრაფე, ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლის წინ - პროცესის, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

ბაიდენი, რომელიც თვეების განმავლობაში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების პერსპექტივას, ახლა მზარდი კრიტიკის სამიზნეა, განსაკუთრებით კონგრესის რესპუბლიკელების მხრიდან. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ პროცესებმა დიდი ზიანი მიაყენა აშშ-ის, როგორც გლობალური ძალის რეპუტაციას.

კრიტიკა ისმის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც, მათ შორის ვაშინგტონის მოკავშირეებისგან, რომლებიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მონაწილეობდნენ ავღანეთში ნატოს მისიაში. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილება თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ ავღანეთიდან გამოსულიყო "საბოლოოდ ამერიკელების მიერ იყო მიღებული", და ამის მიზეზი, ნაწილობრივ, იყო "შიდა პოლიტიკური" ფაქტორები. მერკელის თქმით, გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ავღანეთიდან იმ 10,000-მდე პირის ევაკუაცია, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა ეკისრება.

XS
SM
MD
LG