Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაგრძელდება


დღეს, 16 აგვისტოს ქუთაისიდან დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა. საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ცვლილებები განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობისა და იმ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროექტის ინიცირებას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან გაერთიანება „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

ცვლილებების პროექტის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 2%-იანი იქნება. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრების რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები.

ცვლილებები შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს და საუბარია კვორუმის გაზრდაზე.

„ქართულ ოცნებისგან“ გასაკვირი არაფერია, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ცალმხრივად გაუქმებულად გამოაცხადეს ისეთი საერთაშორისო შეთანხმება, სადაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ აქტიურად ჩართულნი. შარლ მიშელის შეთანხმებას ვგულისხმობ, თუმცა ჩვენ უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განვიხილავთ, გამომდინარეობს ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტიდან, იმისთვის რომ საქართველოში ორპოლუსიანობა დასრულდეს. ცვლილებები საარჩევნო ბარიერის დაწევასთან ერთად ითვალისწინებს სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებას 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაშიც. ცვლილებები არის შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის და დემოკრატიის მდარე ხარისხის შესაცვლელად“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ.

როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ცვლილებები, რომელიც 4 ძირითად საკითხს მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 19 აპრილის, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ.

„განხილვებს ვაწყობთ იმისთვის, რომ გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 %-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები აირჩევიან კვალიფიციური უმრავლესობით, ხოლო თუ ვერ მოხერხდა არჩევა, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მრავალპარტიული პარლამენტის მისაღებად დაბალ ბარიერს მიიჩნევს მნიშვნელოვნად პოლიტიკური გაერთიანების „ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საპარლამენტო კომისიის მდივანი ლევან იოსელიანი:

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა და მრავალპარტიულობა ამის განმაპირობებელია, ამიტომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევა, ნაცვლად კანონში არსებული 5%-ისა, უმნიშვნელოვანესია პარტიებისთვის. პოლარიზაციის პირობებში პარტიებს უჭირთ მაღალი ბარიერის გადალახვა, საპარლამენტო ქვეყანას კი მრავალპარტიულობა სჭირდება. რომ არა 1 %-იანი ბარიერი, 2020 წლის არჩევნებში, 5%-იანი ბარიერის პიროებებში, მას მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა და ბევრად უარესი სურათი გვექნებოდა, ვიდრე დღესაა“, - განაცხადა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საპარლამენტო კომისიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს შეხვედრა გაიმართება თბილისში, 18 აგვისტოს კი კომისია დაასრულებს მუშაობას, შეაჯამებს პროცესს და დაიწყება საპარლამენტო პროცედურები.

XS
SM
MD
LG