ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. ცნობის თანახმად, კომპანია საქართველოს განიხილავს საპილოტო ქვეყნად, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება.
„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად, განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტო ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან განიხილება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, - ნათქვამია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებიას და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე, შეხვედრებს მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ სასაუბროდ ისინი SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს ბრეტ ჯონსენს და უფროს ფინანსურ დირექტორს დეივიდ ფინლეის შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი ბილ რაიხერტიც.