Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საპატრიარქოს მოუწოდებს მრევლს ვაქცინაციის კურთხევა მისცეს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდებს მრევლს კურთხევა მისცეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად. ამ საკითხზე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორობას.

"აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც!

ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ, ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 466 326 შემთხვევა. მათგან 412 420 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6279 ადამიანი.

XS
SM
MD
LG