Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო": რუსეთის ვერსიაა, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 7 აგვისტო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 7 აგვისტო

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივისცემის ნიშნად, „ევროპული საქართველოს” ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.

„დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მისცეს დრო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოკავშირეებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩენილიყო. ამისათვის მათ ეკუთვნით მუდმივი ხსოვნა და პატივისცემა.

სწორედ ეს ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ეს საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან გავანეიტრალოთ და არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენს შიგნით დამოუკიდებლობა და თავისუფლების რწმენა, რასაც ახლა აკეთებს ჩვენი მტერი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავს საქართველოში 7-8 აგვისტოს აღნიშნავენ. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ერთი ნაწილი ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს თვლიან. მათი განმარტებით, რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა და ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს სახელმწიფომ წინააღმდეგობის გაწევა.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ყველა, ვინც თვლის, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ „საქართველო რუსეთს დაესხა თავს საკუთარ ტერიტორიაზე“.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დიდი რაოდენობით დაიწყეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 7 აგვისტოს, რისი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს“, - აცხადებს კანდელაკი.

ხელისუფლება აგვისტოს ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG