720 ექიმის ხელმოწერით ღია წერილს აქვეყნებს „საქართველოს ექიმთა საზოგადოება“. წერილის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდი და მისი თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
წერილის ხელმომწერების განცხადებით, საქართველოს სამედიცინო სისტემა კოლაფსის რეალური საშიშროების წინაშეა და უკვე დღეისათვის განიცდის „საწოლფონდის დეფიციტს“. ექიმები ითხოვენ, გათვალისწინონ მათ მიერ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში.
ექიმები რამდენიმე შეკითხვას სვამენ.
„კითხვა პირველი: რა ჰქვია პანდემიის მართვის იმ მოდელს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ხორციელდება? თავისი რეგულაციებით, უფრო სწორად კი, რეგულაციებზე კონტროლის არარსებობით ძალიან ჰგავს შვედურ მოდელს, რომელზეც, მოსახლეობისა და კოლეგების გაფრთხილების გარეშე, ვფიქრობთ, არ გადახვიდოდით. ამიტომ ლოგიკური კითხვა ექიმებისაგან, რატომ არ მკაცრდება კონტროლი რეგულაციებზე და რატომ ვართ მოსახლეობისა და ანტივაქსერების გონიერების იმედზე? რა თქმა უნდა, არ არის ლოკდაუნზე საუბარი და სწორედ რომ გარდაუვალი არ გახდეს, ამიტომ არის ბევრი სხვა ბერკეტის ამუშავება აუცილებელი. მაგალითად:
- სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია;
- აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);
- გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ);
- რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;
- შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან).
- გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე. ეს მოკლე ჩამონათვალია რეგულაციებისა, რომლებიც ლოკდაუნამდე შეიძლება გატარდეს, რომლებიც იყო შარშან ძალაში და კარგი შედეგიც ჰქონდა. 2020 წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში არსებულმა შეზღუდვებმა დიდი როლი ითამაშა კოვიდ სიტუაციის ეფექტურად მართვაში და დღევანდელ დღეს, ასეთი მძიმე ეპიდ-სიტუაციის ფონზე რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს და კონტროლს რეგულაციებზე?“
როგორც ექიმები აცხადებენ ვაქცინაციის კამპანია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, მაგრამ ის მე-4 ტალღისგან ვეღარ დაგვიცავს, ამიტომ მხოლოდ აცრების იმედად ყოფნა შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში არ მათ არ მიაჩნიათ მართებულად.
ექიმების შეკითხვები ასევე ეხება ეპიდგამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, ამბულატორიულ სექტორს, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების პერსონალს, ჰოსპიტალურ სექტორს და სხვ.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3780 შემთხვევა. როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა.
ბოლო დღე-ღამეში 2052-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 5 აგვისტოს აიცრა 19 067 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 583 647 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 182 915.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 440 353 შემთხვევა. მათგან 395 505 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.