Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე საწოლფონდზე: ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე, რესურსი არის სულ უფრო და უფრო ნაკლები


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით რეალურად უკვე ზღვარზეა.

„ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად, თუმცა რესურსი არის სულ უფრო და უფრო ნაკლები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელმაც ამ კონტექსტში ექიმების გადაღლილობასაც გაუსვა ხაზი:

„ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ჩვენს ექიმს და,, შესაბამისად თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არიან მთავარი ბუსტერები ეპიდემიის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, საწოლების საკმარისი საოდენობაა კოვიდსასტუმროებში და დამატებით გრძელდება საჭირო ოთახების მობილიზება.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, კოვიდპანდემიის მიზნებისთვის გამოსაყენებელი საწოლფონდის მაქსიმუმი საქართველოში 8 000 საწოლია, რასაც ყოველდღე დაემატება ასევე კოვიდსასტუმროები. 5 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო კოვიდსაწოლების მობილიზების ალტერნატიულ გეგმაზეც მუშაობს, თუმცა საველე სივრცეში კარვების გაშლა არ იგეგმება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806, საიდანაც 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 2472 ადამიანია მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3780 შემთხვევა. როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა.

ბოლო დღე-ღამეში 2052-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 5 აგვისტოს აიცრა 19 067 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 583 647 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 182 915.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 440 353 შემთხვევა. მათგან 395 505 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.

XS
SM
MD
LG