რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ გადაცემა „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ უკანონო მოსმენებზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია და ეს გზა უნდა აირჩიონ ჟურნალისტებმაც, რომლებსაც სუსი უსმენდა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ და ნებისმიერმა ჟურნალისტმა, ვინც იქ თავისი თავი ამოიცნო, უნდა გაიაროს ყველა სამართლებრივი გზა ჩვენს ქვეყანაში და თუ აქ ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, შეიძლება ეს იყოს ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა გიორგი მგელაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე ქვეყანაში, მათ შორის ჟურნალისტებიც თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ:
„როცა ვირჩევდით ამ პროფესიას, შეიძლება გვქონდა გაცნობიერებული, რომ შეიძლება მოგვისმინონ, დაგვემუქრონ, შეგვაწუხონ. რომ გითხრა, რომ მსიამოვნებს, ან ისეთ დისკომფორტს მგვრის, რომ შევწუხდი, არა. უბრალოდ მე მინდა, რომ თითოეული მოქალაქე კანონის მხრიდან დაცულად გრძნობდეს ამ ქვეყანაში თავს და მათ შორის ჟურნალისტებიც. უბრალოდ მაინტერესებს - თუ მისმენდნენ კანონიერად, ამას შესაბამისი სასამართლოს განჩინება სჭირდება თავისი დასაბუთებით და სიამოვნებით ვნახავდი ამ განჩინებას. თუ მისმენენ უკანონოდ, ჩვენს პროკურატურას აქვს ამის ვალდებულება, რომ გამოიძიოს. უკანონო მოსმენა კანონით დასჯადი ქმედებაა, ჩემს დისკომფორტზე და არა დისკომფორტზე არ არის საუბარი. არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ კანონობდეს, ამიტომ უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა გიორგი მგელაძემ „დილის საუბრებში“.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.
"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს.