Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის” მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის საუბარს ასახავს


"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს:

“მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი - რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

თ.[ ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.

ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.

ორიენტირი:გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით.”

რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.

გვარამიას მიერ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” წარმოდგენილი ის მასალები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, ასევე დაადასტერეს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ნიკა გვარამიას თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტები არის მხოლოდ მცირე ნაწილი სუსში წარმოებული ფარული მიყურადების ამსახველი ე.წ. კრებსებისა, რომელიც მას წყარომ მიაწოდა. ტექსტურ დოკუმენტებში აღწერილია როდის არის გაკეთებული ჩანაწერი, ვინ საუბრობს ამ ჩანაწერში და საუბრის მოკლე შინაარსი. ასევე ამ დოკუმენტების ბოლოში მითითებულია და ამ მითითებას სუსის ენაზე ჰქვია “ორიენტირი”, თუ რა უნდა მოხდეს თვალთვალის ობიექტების მიმართ, გვარამიას მიერ წაკითხული მასალების უმრავლესობაში ბოლოში მითითებულია, რომ გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა [მიყურადება, ჩაწერა რ.თ.] ამ ობიექტების მიმართ.

“მთავარ აქცენტებში” გასაჯაროებული “კრებსების” ნაწილი ასახავს პირადი ცხოვრების დეტალებს, ნაწილი პროფესიული საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

“ამ საკითხზე კომენტარი არ იქნება” - უპასუხეს Რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებული მასალების ავთენტიკურობისა და ფარული მიყურადებების კანონიერების შესახებ შეკითხვაზე.

განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა განცხადება:

XS
SM
MD
LG