სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თითქმის 16 საათის შემდეგ ეხმაურება "მთავარი არხის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერების შინაარსს და მას მცდარ ინფორმაციას უწოდებს. რადიო თავისუფლებას დილით სუს-ში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდნენ.
ახლა უწყება აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები ხდებიან "ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები".
"აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს...
სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის", - აღნიშნავენ სუს-ში.
"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.