9 ქვეყანას შორის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 79 პროცენტი, საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანად რუსეთს ასახელებს. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ამ ჩამონათვალში რუსეთზე გაცილებით ნაკლები ადამიანი, 15 პროცენტი ასახელებს თურქეთს. საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანს 5 პროცენტი ასახელებს, სომხეთი კი ყველაზე დაბალი 4 პროცენტი.
ორგანიზაცია დაინტერესდა, რომელ ქვეყნებს მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად. ამ შემთხვევაში ლიდერობს აშშ, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირი, უკრაინა და აზერბაიჯანი. მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთს უფრო უკეთეს პარტნიორად მიიჩნევენ, ვიდრე თურქეთს და სომხეთს.
გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.
მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.