აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჰუსეინ ბაკიხანოვის ძმას, თეიმურს, აზერბაიჯანიდან არ უშვებენ.
„თეიმური დღეს ბაქოს აეროპორტში დააკავეს თბილისში მიმავალი. მას ჰკითხეს, თუ რატომ მიდიოდა საქართველოში. მოგვიანებით უთხრეს, რომ გაათავისუფლებდნენ, ძმის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ. ეს იყო ძალიან უკანონო ქმედება. აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა უმიზეზოდ. ყოველდღიურად ასობით აზერბაიჯანელი მიდის თბილისში უმიზეზოდ. თეიმურ ბაკიხანოვის საქართველოში შემოსვლაზე უარი, კიდევ უფრო აჩენს ეჭვებს, რომ მკვლელობის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება დგას“, - წერს აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი 14 ივლისს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რუმსის“ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.
სასტუმრო „რუმსის“ ადვოკატის, კახაბერ წერეთელის თქმით, ჰუსეინ ბაკიხანოვი „რუმსში“ სამსახურის საძებნელად იყო მისული და მისი თვითმკვლელობის შემსწრე სასტუმროს ორი თანამშრომელია:
„მან წარმატებით გაიარა გასაუბრება სხვა პირებთან ერთად. გადაწყვეტილი იყო მისი სამსახურში მიღება. სასტუმროს თანამშრომლები მას სხვა პირებთან ერთად აცნობდნენ სასტუმროს ინფრასტრუქტურას, გაცნობითი ტური იყო. ამ დროს ის მოწყდა ჯგუფს, როდესაც მოიკითხეს, სად იყო, უთხრა, რომ იყო სასტუმროს სახურავზე. სახურავზე ავიდა ტურის ხელმძღვანელი, დაცვის თანამშრომელთან ერთად, მათ დანახვაზე, მობრუნდა და მოხდა ეს ამბავი. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ეს ორი თვითმხილველი. მათ თვალწინ გადახტა. დააწყო ნივთები და გადახტა. მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხნენ თანამშრომლები, ჩანაწერები, ყველაფერი მიწოდებული გვაქვს. სასტუმროს თანამშრომლებს მის შესახებ CV-ს დონეზე ჰქონდათ ინფორმაცია“.
ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია აფგან მუხთარლიმ 29 ივლისს, ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.
აფგან მუხთარლის 4 წლის წინ თავად შეექმნა სერიოზული პრობლემები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აფგან მუხთარლი 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.