Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დასავლელი აქტორების ამოცანა „ოცნების“ „მიშელის შეთანხმებაში“ დაბრუნებაა


გიორგი რუხაძე
გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, ანალიტიკოს გიორგი რუხაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები, „კულისებს მიღმა“, ძლიერ ზეწოლას განახორციელებენ „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რათა იგი „შარლ მიშელის შეთანხმებას“ დაუბრუნდეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გიორგი რუხაძემ თქვა, რომ პარტნიორების მიერ ამ დროისათვის გაკეთებულ ყველა ოფიციალურ განცხადებას ეტყობა, რომ ამოცანა და მიზანი სწორედ „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმების სივრცეში დაბრუნებაა.

გადაცემაში დასმულ კითხვაზე, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ ამოცანას, გიორგი რუხაძემ უახლოესი წარსულის მაგალითებზე აღნიშნა, რომ დასავლელი აქტორების ზეგავლენით „ქართული ოცნება“ თავის გადაწყვეტილებებს ცვლის:

„მე შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევებშიც, მაგალითად, ადრე 8 მარტის შეთანხმების შემთხვევაში, შემდეგ მიშელის შემთხვევაში, როდესაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფდა, რომ ის რაიმე ფორმით ან რიგგარეშე არჩევნებს დაუშვებდა, მანამდე რაიმე ფორმით პოლიტიკურ პატიმრებს აღიარებდა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც კულისებს მიღმა დასავლელი აქტორები აქტიურად იწყებენ მუშაობას, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ასე ვთქვათ, ცვლის თავის გადაწყვეტილებებს.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დასავლეთს შეუძლია და აქვს იმის ბერკეტები, რომ ოფიციალური სანქციების მიღმა „ქართული ოცნება“ აიძულოს დაბრუნდეს უკან „მიშელის შეთანხმების“ ჩარჩოში. და ასეთი არაერთხელ გაუკეთებია და ამაში უნდა მიეხმაროს კიდეც ოპოზიციური სპექტრი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე „შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე“ ხელმომწერმა ოპოზიციამ შეთანხმება არ უნდა დაარღვიოს, ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, კარგი იქნება, ახლა მოაწეროს მას ხელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ახლა მოაწერს ხელს „მიშელის შეთანხმებას“, ჩემი აზრით, ეს იქნება კარგი, ხელ-ფეხს გაუხსნის ეს აქტორებს, რომ უფრო მეტი წნეხი იქონიონ „ქართულ ოცნებაზე“ და ზოგადადაც მოხდება ლუსტრაცია - ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს იქნება ყველა, დასავლელი პარტნიორებიც და ქართული პოლიტიკური სპექტრიც. დროის საკითხი იქნება, როდის დათმობს „ოცნება“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომც არ დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დათქმული 43-პროცენტიანი ზღვარი ემოციურ ბარიერად მაინც დარჩება და თუ მას ვერ გადალახავს, მმართველ პარტიას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს.

28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას არ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG