Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი მხარეებს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი განცხადებით ეხმაურება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა 19 აპრილის დოკუმენტი. მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები.

ის ტვიტერზე, წერს რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთანაც განიხილა.

"მივიღე ცნობად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება კვლავ სთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე ცნობად მივიღე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არ აწერს ხელს შეთანხმებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელების საუკეთესო გზაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის.

ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების რეფორმირების ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განსახილველად“,- წერს შარლ მიშელი.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG