კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარეები არიან, საქართველოში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ 29 ივლისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან მმართველი „ქართული ოცნების“ გასვლას საქართველოს დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევა უწოდეს.
„იმედგაცრუებულნი ვართ ამ ამბით; იმითაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ შეთანხმებას; აგრეთვე, ზოგადად, თბილისში პოლიტიკის პოლარიზაციით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და იმუშაონ ერთად საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მის დასანგრევად“, - ნათქვამია კინზინგერისა და კონოლის განცხადებაში.
კონგრესმენები შეახსენებენ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ქვეყნის მართვის რთული საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი.
„ვისაც საქართველოს დემოკრატიის დამარცხება სურს, ძალას მატებს პოლიტიკოსთა მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები, თითის სხვებისკენ გაშვერა და შეთქმულებათა გავრცელება. მზად ვართ, დაგეხმაროთ, სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ნდობა აღვადგინოთ,”- აღნიშნულია ადამ კინზინგერის და ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაში.
ოთხშაბათს ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელეს მაღალი რანგის ამერიკელმა სენატორებმაც, რომლებმაც "დემოკრატიის მარცხი" უწოდეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
"ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი, ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.