Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაშიდ ნურგალიევმა ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტი დაასრულა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი რუსეთის დელეგაცია, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით როკის გვირაბთან იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც რუსეთიდან როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთს ელექტროენერგიას მიაწვდის, სტრატეგიული დანიშნულება აქვს.

„დღეს რაშიდ გუმაროვიჩთან ერთად, ჩვენ დავათვალიერეთ სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ის ეტაპი, რომელიც მითითებულია, სრულდება. იყო უმნიშვნელო პრობლემები ჩრდილოეთ პორტალის მხრიდან, მაგრამ ტექნიკური გადაწყვეტილებები აქაც ნაპოვნია. უზარმაზარი სამუშაოა, მაგრამ როგორც გავიგეთ, ის დროულად დასრულდება. ყველა ეს სამუშაო 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს “, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ოსურ მედიასთან საუბარში.

სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან 400 მილიონი რუბლი უკვე გამოყოფილია, მომავალ წელს კიდევ 200 მილიონის გამოყოფა იგეგმება. რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სფეროა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განვითარებისთვის. ოკუპირებულ რეგიონში სტუმრობისას ნურგალიევი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ხაზზსაც ესტუმრა და ე.წ მესაზღვრეების საქმიანობას გაეცნო. ასევე შეხვდა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და მოისმინა მათი პრობლემები. აქამდე დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციიდან ერთი ელექტროგადამცემი ხაზით მარაგდებოდა. ეს ხაზი რთულ რელიეფზე გადის და ხშირად ავარიულად ითიშებოდა. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა და შესაბამისად იქ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზაც რამდენიმე დღით ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 20 მეტი სამხედრო ქალაქია განთავსებული და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სწორედ ამ ბაზის და სამხედრო ქალაქების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაა.

XS
SM
MD
LG