Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უკრაინას რუსული პასპორტებით უტევს


ფოტოილუსტრაცია: ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პასპორტი
ფოტოილუსტრაცია: ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პასპორტი

რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალ-ახალი ფორმებით ცდილობს ესკალაციის გრადუსის აწევას ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. თუ აპრილის თვეში რუსეთმა სეპარატისტული ანკლავების მახლობლად დამატებით სამხედრო ძალის კონცენტრაციით სცადა კიევის პროვოცირება, ამჟამად კრემლის გადაწყვეტილებით სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ რუსეთის პასპორტის მქონე ასობით ათას ადამიანს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს დუმის არჩევნებში.

თანაც, თუ გასულ ზაფხულში „პუტინის“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პასპორტის მქონე დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების მცხოვრებნი რუსეთის როსტოვის ოლქში სპეციალური სარეისო ავტობუსებით გადაჰყავდათ, ამჯერად კრემლმა უფრო დახვეწა დონბასელთათვის საარჩევნო უფლებით სარგებლობის ფორმები.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ამას დისტანციურად, ონლაინ კენჭისყრის სახით შეძლებენ და მათ აღარც რუსეთის ტერიტორიაზე მოუწევთ წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

კიევი ამ ცნობას საკმაოდ მშვიდად შეხვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი კენჭისყრის შედეგებს არც უკრაინა აღიარებს და არც საერთაშორისო საზოგადოება.

ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მწვავე რეაგირების გარდა, კიევი მოკლებულია შესაძლებლობას ხელი შეუშალოს დროებით ოკუპირებულ დონბასის ტერიტორიაზე რუსეთის პასპორტების მასობრივი დარიგების პროცესს, რაც რუსეთმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო.

მანამდე, 24 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მცხოვრებთათვის.

თანაც, რუსეთი შეეცადა ეს უკანონობა ჰუმანიტარული ზრახვებით შეეფუთა.

კრემლის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რაც ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, პასპორტები აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით და ადამიანის უფლებების დასაცავად გაიცა.

არშესრულებისთვის განწირული შეთანხმება

მოსკოვი არაფერს ამბობს იმაზე, რომ დონბასში რუსეთის პასპორტების მასობრივი გაცემა სათავეშივე ეწინააღმდეგება „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას“, მაგრამ თავად ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიმართ უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება იმდენად კრიტიკულია, რომ კიევი ბოლო ხანებში ცდილობს საერთოდ არ გააკეთოს აქცენტი ამ კაბალურ შეთანხმებაზე.

„რუსეთმა ესკალაციის გრადუსი ასწია მაშინ, როცა დაიწყო პასპორტების დარიგება. ახლა ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ, ამ პროცესის გაგრძელებას. რაკი მისცეს პასპორტები, როგორც რუსეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ ხმის მიცემა. დამატებითი ესკალაცია იქნებოდა საარჩევნო უბნების გახსნა პირდაპირ არაღიარებულ რესპუბლიკებში, რაც, საბედნიეროდ, არ ხდება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აღიქმება, როგორც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის მცდელობა, რათა აიძულოს კიევი, დაეთანხმოს მინსკის შეთანხმებას იმ სახით, როგორიც მაქსიმალურად ხელსაყრელია მოსკოვისთვის და მაქსიმალურად არახელსაყრელია უკრაინისთვის“, - ამბობს იური პანჩენკო, საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკა პრავდას“ საერთაშორისო მიმომხილველი.

2015 წლის თებერვალში მინსკში მოწერილი სამშვიდობო შეთანხმება დონბასში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ძალთა დაშორიშორებას, გამყოფ ხაზებზე ეუთოს სამშვიდობო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას და კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური გზების გამოძებნას ითვალისწინებდა, რაც შემდგომ უკვე ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულაში“ დაზუსტდა.

მაგრამ თუ 6 წლის წინანდელი გააფთრებული ბრძოლების შეჩერებისა და დიდძალი მსხვერპლის თავიდან აცილების მხრივ მინსკის შეთანხმებამ თავის მოკლევადიან მიზანს ძირითადად მიაღწია, მიჩნეულია, რომ მისი პოლიტიკური შემადგენელი წინასწარვე განუხორციელებლობისთვის იყო განწირული.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული ფორმულა მოკონფლიქტე მხარეთაგან შემდეგი კომპრომისული პირობების შესრულებას ითვალისწინებდა:

  • კიევის კონტროლის მიღმა მყოფ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად;
  • ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დონეცკსა და ლუგანსკს ენიჭებათ „განსაკუთრებული სტატუსი“ უკრაინის შემადგენლობაში;
  • დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან შეთანხმებით იწყება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება;
  • ხოლო სულ ბოლოს, უკრაინელი მესაზღვრეები იწყებენ რუსეთის მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთის კონტროლზე აყვანას.

პრეზიდენტად არჩეული ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაპირველად მხურვალედ უჭერდა მხარს შტაინმაიერის ფორმულით კონფლიქტის მოწესრიგებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიღებული შეთანხმების გამო ოპოზიციის მწვავე კრიტიკას წააწყდა, უკრაინის პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 2 ოქტომბერს პირობაც კი დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ" და არ დაუშვებს „წითელი ხაზების“ გადაკვეთას და „კაპიტულაციას“, რაშიც მას ოპონენტები ადანაშაულებდნენ.

მაგრამ ის, რაც არ მოსწონს კიევს, სავსებით ხელს აძლევს კრემლს, რომელიც, რომ იტყვიან, კბილებით იცავს მინსკის 2015 წლის შეთანხმების სულისკვეთებას და ყველა ტრიბუნიდან მოუწოდებს უკრაინას შეასრულოს 6 წლის წინ მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

და არა მხოლოდ მოუწოდებს, არამედ „რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობს აიძულოს კიევი შეასრულოს მისთვის მიუღებელი პირობები.

პუტინის სტატია, რომელსაც „სპეცოპერაცია“ უწოდეს

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არ ჩქარობს დონეცკისა და ლუგანსკის ცნობას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ამასწინანდელი პუბლიცისტურ-ისტორიული ნარკვევი („რუსებისა და უკრაინელების ერთობის შესახებ“) მოწმობს, რომ რუსეთის ლიდერი აღმოსავლეთ უკრაინის ამ მიწებს სწორედ ისტორიული რუსეთის ნაწილად განიხილავს.

პუტინის სტატია უკვე შეადარეს „სპეცოპერაციას“, რომლის ცალკეულ ფაზად შეიძლება წარმოვიდგინოთ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერა თუ იქ დარჩენილი მოსახლეობის მასობრივი გადაყვანა რუსულ მოქალაქეობაზე.

ამის შემდეგ შესაძლოა სპეცოპერაციას უკვე რეალური სამხედრო განვითარებაც მოჰყვეს, როგორც ეს თავის დროზე საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

ღირს გავიხსენოთ, რომ 2000-იან წლებში მოსკოვმაც ასევე დაიწყო საქართველოს ავტონომიური ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო პასპორტიზაცია, რაც წინ უსწრებდა 2008 წლის აგვისტოს ომს, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის სამხედრო ძალით ანექსიას, სულ ბოლოს კრემლმა მათი დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებით რომ დაასრულა.

ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრად მოწვეული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 19 ივლისს, საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმისთანავე, სოფელ ხურჩაში გაემგზავრა, ენგურის ხიდზე მივიდა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თუ რაზე ფიქრობდა სამხედრო ჭოგრიტში ენგურის ხიდის გადაღმა აღმართული რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგოს დანახვაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ისევე როგორც თავის დროზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგება და დონბასელი ელექტორატის ხმებით დუმის არჩევნებში მანიპულაციაც სწორედ მოსკოვის იმ გეგმის ნაწილია, რაზეც, შექმნილ ვითარებაში, საქართველოზე ბევრად დიდ და ძლიერ უკრაინასაც კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთი პასუხი აქვს.

„უკრაინის საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში არსებობა, რაც გამორიცხავს უკრაინის მიერ კონტროლის მალე აღდგენას ამ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ცუდი ვარიანტია. მაგრამ მინსკის შეთანხმების იმ სახით შესრულება, როგორც ეს რუსეთს სურს, უბრალოდ, კატასტროფაა, რადგან ის საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს არსებობას“, - ამბობს იური პანჩენკო.

კონსენსუსი კონსენსუსად, მაგრამ ვიდრე კონფლიქტი დონბასში გაყინულია, ადგილობრივი მოსახლეობის დაჩქარებული პასპორტიზაცია დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნებს იძენს.

თუ დაჩქარებული წესით და შეღავათიანი პირობით აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წელს მცხოვრებმა 12 ათასმა ადამიანმა აიღო რუსეთის პასპორტი, ზუსტად ორი წლის შემდეგ ეს რიცხვი სულ მცირე გაოცმაგებულია და თუ პასპორტიზაციის პროცესი ამ ტემპით წარიმართა, კიევში შიშობენ, რომ დროებით ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ დარჩება უკრაინის პასპორტის მქონე მოქალაქე.

„ჩემი ინფორმაციით, დასახულია ამოცანა, რომ 2025 წლისთვის იქ უკრაინის პოსპორტის მქონე ადამიანები აღარ დარჩნენ... რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ახდენს ამ ტერიტორიის უკრაინისგან იზოლირებას“, - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში მინსკის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, სერგეი გარმაშმა.

ასეთ ვითარებაში, გარმაშის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით ვეღარ შეძლებენ შეუფერხებლად გადმოსვლას უკრაინის ტერიტორიაზე და დაკარგავენ ყველა უფლებას, რომელთაც თავის მოქალაქეებს უკრაინა სთავაზობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ დონბასის ტერიტორიაზე 2018 წელს ცხოვრობდა 3,8 მილიონი ადამიანი (ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იყო 2,3 მილიონი, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ - 1,4 მილიონი ადამიანი). მათგან დონეცკსა და ლუგანსკში უკვე, დაახლოებით, 600 000 ადამიანი ფლობს რუსეთის პასპორტს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG