Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავასთან ინციდენტზე:​ დაბრალებებს არ ვიყოთ... რა ძალადობა?


"ქართული ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერზე, თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია. საუბარია დღეს მომხდარ ინციდენტზე, როცა პაპუაშვილმა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილთან მიახლოების უფლება არ მისცა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?.. ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ...

თინასთან ვწუხვარ", - წერს პაპუაშვილი ფეისბუკზე.

პარლამენტში მისულ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ძალის გამოყენებით გამოიყვანა ტერიტორიიდან.

ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში გადაიდო.

შსს მინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ "ღირსების მარში" გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG