ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" მოთმინებით ელოდა სესიას, მაგრამ "ქართული ოცნება" და მათი მინისტრი სამარცხვინოდ გაეცა კითხვებს, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, მისი სიტყვებით, აპირებდნენ მოთმინებით დალოდებოდნენ, როდის მიეცემოდათ კითხვის დასმის საშუალება.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა არ იმართება იმ დემოკრატიული სტანდარტებით და ძალიან შორს ვართ ამ სტანდარტებისგან, ვინაიდან ჟურნალისტების მიერ გადმოფენილი ბანერი გახდა სხდომის გაჩერების მიზეზი, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ეშინიათ თავისუფალი სიტყვების და პოლიტიკური განცხადებების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შალვა შავგულიძის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტაციამ საკითხი ასე დააყენა, ჟურნალისტებს უნდა აეღოთ ბანერი, სადაც ორი მოთხოვნა იყო - აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დასაჯეთ დამნაშავეები.
„რადგან ჟურნალისტებმა არ აიღეს ეს ბანერი, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა მინისტრის მოსმენაზე, ამით "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, თქვა, არ ავიღებთ პასუხისმგებლობას 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ვერ დავიცავით ჟურნალისტები ძალადობისგან და არც მოძალადეებს არ დავსჯით“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მთელი ხელისუფლება გადაეფარა გომელაურს“.
„ძალადობრივი პროცესებია და არც ერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი, მე ამათთან კითხვები აღარ მაქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ვახტანგ გომელაური გაეპარა შეკითხვებს.
„ჟურნალისტების პროტესტი თურმე მას უხერხულობას უქმნის, როდესაც უხერხულობას არ უქმნიდა ჟურნალისტებზე ძალადობა“, - აღნიშნა მან.
დღეს პარლამენტში შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, მისი მოხსენება შეეხებოდა 5-6 ივლისს თბილისში მიმდინარე პროცესებს. სხდომის გადადების მიზეზად ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი დასახელდა.
პარლამენტში მისულ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
პარალელურად, პროტესტს აგრძელებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.
5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალიsტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.