ევროპის ქვეყნების ნაწილი სამედიცინო პერსონალის სავალდებულო კოვიდვაქცინაციას იწყებს. მათ შორისაა საფრანგეთი. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 12 ივლისს, სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას მედპერსონალს მიმართა: „გაცნობიერებული მაქვს, რასაც გთხოვთ და ვიცი, რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ. ერთი მხრივ, ეს თქვენი საქმის ნაწილია“. საფრანგეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეხება ექიმებს, ექთნებს და სამედიცინო დაწესებულებების ყველა მუშაკს.
სექტემბრისთვის, საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს ყველა მუშაკი უნდა იყოს აცრილი - ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება.
საფრანგეთამდე სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება იტალიამ მიიღო. იტალიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მარტში დააწესა სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, ფარმაცევტების სავალდებულო აცრა. ამავეს გეგმავს სერბეთიც.
ამ მხრივ, ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება საუდის არაბეთმა მიიღო - No Jab, No Job, ანუ, არა აცრა, არა სამსახური. ხელისუფლებამ საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს აცნობა, რომ სამუშაო ადგილებზე დასაბრუნებლად, მათ ვაქცინაციის ცნობა დასჭირდებათ.
დიდი ბრიტანეთი ოქტომბრიდან გეგმავს მზრუნველობის სახლებში მომუშავე პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას.
გეგმავს თუ არა საქართველო, რომ კოვიდვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის გახადოს სავალდებულო? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მიმართა. როგორც ის გვპასუხობს, ჯერჯერობით, მედპერსონალის ვაქცინაციის ვალდებულება არ განიხილება და ქვეყანა ემხრობა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პოლიტიკას:
„ჩვენ გვინდა, რომ ისინი უფრო მეტად დავარწმუნოთ, რადგან სამედიცინო პერსონალი ამ მოძრაობის ლოკომოტივი უნდა იყოს. ანუ სამედიცინო პერსონალმა დანარჩენ მოსახლეობას უნდა აჩვენოს მაგალითი, რომ აცრაზე უკეთესი კაცობრიობას ინფექციურ დაავადებებთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად არ გამოუგონია. ყველა, ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი აუცილებლად უნდა იყოს აცრილი“.
მედპერსონალის რა რაოდენობაა აცრილი დღეს საქართველოში?
იმუნიზაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, სამედიცინო სექტორში დასაქმებული 65 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი. მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და დამხმარე პერსონალი. მათგან, დღევანდელი მონაცემებით, სულ აცრილია 12 000-მდე ადამიანი. ამირან გამყრელიძის თქმით, აცრილთაგან ყველაზე მეტი, დაახლოებით 50%, არიან ექიმები. მისივე მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად დასაქმებულია 18 000-მდე ექიმი და დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია მათი 30%. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და ამით ხსნის ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის დაბალ აქტივობას:
„გასათვალისწინებელია ის, რომ სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. სამედიცინო პერსონალის ინფიცირებამ შეადგინა 33%. ანუ, 65 000 ადამიანიდან კოვიდვირუსით დაინფიცირდა 33%. დღეს მოქმედი რეგულაციით, ჩვენთან ვაქცინაცია ინფიცირების დადგენიდან 120 დღის შემდეგაა დაშვებული. ამიტომ სამედიცინო პერსონალის გარკვეულ ნაწილს აცრა ჯერჯერობით არ უწევდა. ახალი ინიციატივა გვაქვს, რომელიც იმუნიზაციის საბჭოზე იხილება, რომ 120 დღე შემცირდეს და ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, დავიდეს 30-დან 90 დღემდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების პროცესში“.
მოსაზრებები - უნდა იყოს თუ არა საქართველოში მედპერსონალის აცრა სავალდებულო?
ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თვლის, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის, არამედ პედაგოგებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. სად გადის ზღვარი უფლებებსა და ვალდებულებას შორის, როდესაც ვაქცინაციაზე ვლაპარაკობთ? ამ კითხვაზე ვატო სურგულაძეს ასეთი პასუხი აქვს:
„მოდით, მაგალითად, საფრანგეთს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაში ნუ შევეჯიბრებით. იტალიაში, თუკი ექიმი აცრილი არ არის, მას პაციენტთან არ უშვებენ. ასეთი ექიმები გადადიან უკანა ხაზზე და წინა ხაზზე მუშაობის უფლება აღარ აქვთ. დიახ, აცრა უნდა იყოს სავალდებულო. ჩემი აზრით, ის 28 000 „ფაიზერი“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში, სწორედ მედპერსონალისთვის უნდა გაეკეთებინათ. პირველ რიგში, ოჯახისა და სასწრაფოს ექიმებისთვის. გარდა ამისა, სავალდებულო ვაქცინაციას უნდა დაექვემდებარონ პედაგოგები, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ინდური შტამი იკიდებს ქვეყანაში ფეხს. ასევე ბანკში მომუშავე პერსონალი, რომლებსაც კლიენტებთან აქვთ ურთიერთობა, მაღაზიებში დასაქმებული პერსონალი. მათთვის აცრა უნდა გახდეს სავალდებულო. სხვანაირად ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ. ახლა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრანგეთს ნუ შევედრებით დემოკრატიაში. პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები ნუ ვიქნებით. დღეს ჩვენ ვართ ომში“.
მედპერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ანი ქავთარაძე. მისი თქმით, მედპერსონალი რისკჯგუფს წარმოადგენს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება კი დროის კარგვის საშუალებას აღარ იძლევა:
„დრო აღარ ითმენს. თუკი ვალდებულებაზე მიდგება საქმე, პირველ რიგში, ცხადია, ვაქცინაცია მედპერსონალისთვის უნდა გახდეს სავალდებულო. დანარჩენ მოქალაქეებს იგივე ხარისხით ვერ დავავალდებულებთ, როგორც მედპერსონალს. მთელი ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ და ამ მდგომარეობას ყველა მხრიდან თუ არ დავუპირისპირეთ ქმედითი ნაბიჯები, კატასტროფისკენ წავალთ“.
ის, რომ მედპერსონალთა ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი ვაქცინაციის მიმართ, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ მარტში წერდა. მათი ნაწილი, ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ აცრას ვირუსით ინფიცირება ერჩივნათ. ნაწილი კი ამბობდა, რომ მათ არ ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია იმ ვაქცინების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდა. მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, კომუნიკაცია ვაქცინაციის თაობაზე, ფაქტობრივად, ძალიან მწირი იყო.
მედპერსონალთა ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით დააზარალა ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ. ის 19 მარტს, ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს გარდაიცვალა. 28 წლის მედდას ვაქცინაციის შემდგომ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 370-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და 2-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამ მუხლით ბრალი ორ ექიმსა და ერთ ექთანს, 7 აპრილს წარედგინა. 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
სამ კვირაზე მეტია, ქვეყანა ახალ, მეოთხე ტალღას ებრძვის. 24 ივნისიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი მატულობს და 1300-დან 1800-მდე მერყეობს. მაღალია ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი და ის ბოლო ორი კვირაა 4 %-ს გადასცდა. ქვეყანაში ფეხს იკიდებს დელტა, ინდური შტამი, რომელიც გაცილებით მარტივად გადამდებია და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლებით, გარდა რამდენიმე ათეული დადასტურებული შემთხვევისა, რეალურად ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ის კოვიდინფიცირებულთა 20-30%-ს მოიცავს.
16 ივლისს, კორონავირუსის ბრიტანულ შტამს ემსხვერპლა ერთ თვემდე ჩვილი. ის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ორ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა ორი ჩვილის მდგომარეობაც, რომელთაგან ერთ-ერთს ვირუსის დელტა შტამი აქვს დადასტურებული.
16 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 4,75% შეადგინა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 16 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ აცრილია 334 199 ადამიანი. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად, 126 171.